როგორ გადავლახოთ საცხოვრებლის შეცვლასთან დაკავშირებული სტრესი
3 წუთიანი საკითხავი
როგორ გადავლახოთ საცხოვრებლის შეცვლასთან დაკავშირებული სტრესი

ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, საცხოვრებლის ცვლილებით გამოწვეულ სტრესს ყველა განვიცდით. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში, ამას, შესაძლოა, სეზონური ხასიათიც ჰქონდეს და დასვენების მიზნით ლოკაციის შეცვლასაც კი სდევდეს თან. ფსიქოლოგები ამ მდგომარეობას „Homesickness“ ტერმინით განმარტავენ, რაც მიჩვეული, კომფორტული მდგომარეობიდან გამოსვლას და ძველი საცხოვრებლის მიმართ ძლიერ ნოსტალგიას ნიშნავს. 

ეს მდგომარეობა, შესძლოა, ნებისმიერმა ადამიანმა განიცადოს და არ არის აუცილებელი, საცხოვრებლის გადაადგილებას მისთვის იძულების სახე ჰქონდეს. რაც არ უნდა კარგად გააზრებული იყოს ეს ნაბიჯი, საცხოვრებლის ცვლილებას ხშირად თან სდევს ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, სამსახურებრივი და სხვა გარემოსგან სიშორე, ამიტომ სტრესის და უკმაყოფილების განცდა ამ დროს სრულიად ბუნებრივია. 

ფსიქოლოგები საცხოვრებლის ცვლილებასთან დაკავშირებული სტრესის გამომწვევ 3 ძირითად ფაქტორს გამოჰყოფენ: 
-    ახალი გამოცდილებით გამოწვეული უცხოობისა და დისკომფორტის გრძნობა;
-    პერსონალური დამოკიდებულება სიახლეების მიმართ;
-    გარეშე ფაქტორები, როგორებიცაა, მაგალითად: დისტანცია, განშორება საყვარელი ადამიანებისგან, საცხოვრებელი პირობები და სხვა.

ადამიანების დიდ ნაწილს საცხოვრებლით გამოწვეული სტრესი ჯერ კიდევ გადაბარგებამდე რამდენიმე დღით ადრე ეწყება და კვირების განმავლობაშიც კი უგრძელდება. ეს ბუნებრივი და ნორმალურია - გრძნობდე ნოსტალგიას იმის მიმართ, რაც შენი ცხოვრების დიდ და მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ფსიქოლოგების თქმით, საცხოვრებლის შეცვლით გამოწვეული სტრესის დაძლევას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა, არსებობს რამდენიმე რჩევა, რომლის გათვალისწინებითაც სტრესი მეტად მართვადი და მარტივად დაძლევადი გახდება:

კონცენტრირდით სიახლეებზე - საცხოვრებლის შეცვლით/მონატრებით გამოწვეული სტრესი, უმეტესწილად, სიტუაციურია. როგორც წესი, მას უფრო მძაფრად განვიცდით, როდესაც თავს მარტო ვგრძნობთ და ნაკლებად დაკავებული ვართ. თუმცა, საცხოვრებლის გამოცვლა, ძირითადად, ახალ თავგადასავლებთანაა დაკავშირებული, ამიტომ შეეცადეთ, ეს დრო სიახლეებს დაუთმოთ და შემეცნებისთვის გამოიყენოთ - დაათვალიერეთ ახალი ადგილები, ღირსშესანიშნაობები, გაეცანით მათ ისტორიას, შეხვდით ადამიანებს, რომლებთანაც მეტი დროის გატარება მოგიწევთ და მეტად კონცენტრირდით იმაზე, რასთან შეხებაც მომავალში უფრო ხშირად მოგიწევთ.

ნოსტალგია თქვენს სასიკეთოდ გამოიყენეთ - ნოსტალგიისა და ოპტიმიზმის კორელაციის შესახებ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ნოსტალგია მხოლოდ წარსულის მოგონებებთან დაკავშირებული გრძნობა არ არის და ის ფაქტი, რომ რაღაც წარსულში ხდებოდა, მომავალში იმავეს განმეორების ალბათობას არ გამორიცხავს. მაგალითად, თუ ძველ სახლს თქვენი საყვარელი ნამცხვრის სუნი გახსენებთ, შეგიძლიათ, ახლა მისი გაკეთება თავად სცადოთ და ახალ მოგონებებთან ერთად, გამოცდილების დაგროვებაც დაიწყოთ. გამოიყენეთ ნოსტალგია იმისთვის, თუ რისი სწავლა/კეთება შეგიძლიათ ახალ პირობებში და არა იმისთვის, რომ წარსულის მოგონებები თქვენთვის მტკივნეულად მოსაგონარი გახდეს.  

შეიქმენით ახალი, ჯანსაღი რუტინა - ცხოვრებაში მომხდარი ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილება, როგორიც საცხოვრებლის შეცვლაა, შესაძლოა, ახალი, უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესის შექმნის კარგი საფუძველი აღმოჩნდეს. ეს დაგეხმარებათ, თავი უკეთ იგრძნოთ როგორც ფიზიკურად, ისე - მენტალურად, რადგან იმას, თუ როგორ გვძინავს, როგორ ვიკვებებით და რამდენად აქტიურები ვართ, დიდი და, ხშირად, გადამწყვეტი გავლენაც აქვს ჩვენს განწყობაზე. 

ეცადეთ, დისტანცირდეთ ძველი პირობებისგან - სოციალური ქსელების დახმარებით, გარკვეული საკითხებისგან დისტანცირება დღეს არც ისე მარტივია. ინტერნეტი გვეხმარება, საყვარელი ადამიანების მონატრება დროებით დავიკმაყოფილოთ, თუმცა, მათ ცხოვრებაში დიდი დოზით დარჩენამ, შესაძლოა, დანაკლისის შეგრძნება კიდევ უფრო გაგვიმძაფროს. ხშირად, როცა საცხოვრებელს იცვლიან, ადამიანები ჩვეული დოზით განაგრძობენ ძველ სახლთან დაკავშირებული დეტალების გადამოწმებას, ყოფილ საცხოვრებელში ამინდის პროგნოზის შემოწმებას, ღონისძიებების განრიგის დათვალიერებას და სხვა. ეს ყოველივე, როგორც წესი, მდგომარეობას არ ამარტივებს - პირიქით, გვიბიძგებს, უფრო დიდხანს ჩავრჩეთ დანაკლისის მდგომარეობაში და ნაკლები დრო დაგვრჩეს სიახლეებისთვის. ამიტომ ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციის ჯანსაღი დონე შეინარჩუნოთ და მეტი დრო ახალი პოზიტიური კავშირების ჩამოყალიბებას დაუთმოთ.

აწარმოეთ დღიური - საკუთარი გრძნობების იდენტიფიცირება სირთულეებთან გამკლავების ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია. წერის პროცესი გვეხმარება, ერთი მხრივ, უკეთ გავაანალიზოთ, რას განვიცდით და, მეორე მხრივ, საკუთარ თავთან კომუნიკაცია შევძლოთ. თანამედროვე ფსიქოლოგიის მიხედვით, შფოთვას და მადლიერებას ერთდროულად თანაარსებობა არ შეუძლიათ, ამიტომ ეცადეთ, წერა საკუთარი თავის ან ცხოვრების მიმართ მადლიერების გამოხატულებით დაასრულოთ და დღის ბოლოს, ერთი რამ მაინც ჩაინიშნოთ, რისი მადლიერიც ხართ.
გახსოვდეთ, საცხოვრებლის შეცვლით გამოწვეული სტრესი ბუნებრივია და ადამიანების დიდი ნაწილი მას გარკვეულ დონეზე შეიგრძნობს. მთავარია, თავს ახალ გარემოსთან შეგუების დრო მივცეთ და ჯანსაღი ცხოვრების წესი შევინარჩუნოთ/შევიქმნათ, რადგან მისი საშუალებით, სტრესი გაცილებით უკეთ მართვადი და მარტივად დაძლევადი გახდება.
 

გამოქვეყნების თარიღი: 30 აგვისტო, 2022წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები