როგორ ვიყოთ ბედნიერები იმით რაც გვაქვს?
3 წუთიანი საკითხავი
როგორ ვიყოთ ბედნიერები იმით რაც გვაქვს?

პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, თუ რას ნიშნავს ბედნიერება. ბედნიერება ადამიანის შინაგანი, ემოციური მდგომარეობაა, რომლის დროსაც სიამოვნებისა და კმაყოფილების ძლიერ და ყოვლისმომცველ შეგრძნებას განვიცდით. თქვენთვის რა არის ბედნიერება და როდის შეგიძლიათ თქვათ, რომ ბედნიერი ხართ? როდესაც მომავალში დაგაწინაურებენ სასურველ პოზიციაზე და თქვენი ანაზღაურება გაორმაგდება თუ როდესაც აცნობიერებთ იმას, რომ საკმაოდ გრძელი გზა გაიარეთ ამ წარმატების მისაღწევად?

გასაკვირი არ არის, რომ ბევრი ჩვენგანისათვის ბედნიერების განმსაზღვრელი ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესებია ე.ი. ჩვენი ბედნიერება დამოკიდებულია გარე სტიმულებზე. თუმცა, კვლევები აჩვენებს, რომ გარე ფაქტორებით გამოწვეული ბედნიერების განცდა დიდხანს არ გრძელდება, ამის საპირისპიროდ კი, შინაგანი პროცესები -  ჩვენი ფიქრები და დამოკიდებულებები ჩვენივე ცხოვრების მიმართ, უფრო მნიშვნელოვანია ბედნიერების შეგრძნების სრულფასოვანი და გრძელვადიანი აღქმისთვის.  

რა თქმა უნდა, ბედნიერების განმარტება ყოველი ჩვენგანისათვის ინდივიდუალურია და ამ ემოციის გამოწვევა, თითოეულ ჩვენგანში, სხვადასხვა მოვლენებსა თუ ფიქრებს შეუძლი. თუმცა არსებობს პატარა ჩვევები და აზროვნების პატერნები, რომელთა გამომუშავებითაც, ყოველდღიურ ცხოვრებაში, უფრო ხშირად შევძლებთ ვიგრძნოთ ბედნიერება.

ბედნიერება მადლიერებას მოაქვს - მადლიერების შეგრძნება მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენში ბედნიერებისა და კმაყოფილების განცდას და მისი გამომუშავება საკმაოდ პატარა და მარტივი ჩვევების დახმარებით შეგვიძლია:

- ყოველთვის, როდესაც რაიმე კარგი მოხდება, ხმამაღლა გამოხატეთ, ან ჩუმად, გონებაში აღნიშენთ რომ მადლიერი ხარ ამისთვის

- თქვენ გარშემო მყოფ ადამიანებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებსა თუ პარტნიორს, უთხარით რა მოგწონთ და რას აფასებთ მათში

- სიხარულით აღნიშნეთ თქვენი ყოველი, სულ მცირე მიღწევაც კი

- მადლობა გადაუხადეთ და გაუღიმეთ ყველას, ვინც თქვენ მიმართ სიკეთეს გამოიჩენს

- ყოველ ღამე, დაძინებამდე, იფიქრეთ სულ მცირე ერთ კარგ რამეზე, რაც დღის მანძილზე მოხდა

- დაიწყეთ მადლიერების დღიურის წარმოება. გამოყავით კვირაში რამდენიმე ან ერთი დღე, როდესაც მარტო, მშვიდ გარემოში იქნებით და ჩამოწერეთ ყველა დაბრკოლება, რომელიც იმის მიუხედავად, რომ შეუძლებელი გეჩვენებოდათ, გადალახეთ. გაიხსენეთ ყველა წარმატება, რასაც ამ დღემდე მიაღწიეთ. დაწერეთ ყველა ის თვისება თუ ფაქტი, რომელიც მოგწონთ საკუთარ თავში და ცხოვრებაში. 

მეტი დრო დაუთმეთ ურთიერთობებს - ადამიანები სოციალური არსებები ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალურ ცხოვრებას და ურთიერთობებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ჩვენს პირად კეთილდღეობასა და ბედნიერების ხარისხზე. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ მეგობრებთან ერთად იმ გარემოში, რომელიც თქვენთვის სასიამოვნოა. ურთიერთობები ჩვენთვის საყვარელ და ახლო ადამიანებთან, შესაძლოა ერთი-ერთი ყველაზე ძვირფასი რამ იყოს, რაც გაგვაჩნია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გავუფრთხილდეთ და მეტი დრო და ყურადღება დავუთმოთ იმ ადამიანებთან ურთიერთობებს, რომლებიც გვიღებენ ისეთებად, როგორებიც ვართ და უპირობოდ ვუყვარვართ.

ნუ შეადარებთ თქვენს თავს სხვებს - შესაძლოა, ბავშვობაში ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ რომელიმე ჩვენი თანატოლი რაღაცას ჩვენზე უკეთესად აკეთებდა ან უფრო ლამაზად გამოიყურებოდა... თუმცა, ზრდასრულ ასაკში, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ თითოეული ადამიანის სხეული, გონება და ხასიათი სრულიად უნიკალური და თავისებურად მომხიბვლელია. სოციალური ქსელების ეპოქაში, მარტივი დასაჯერებელია, რომ სხვებს იდელური და უპრობლემო ცხოვრება აქვთ, თუმცა ეს ასე არ არის. იცოდეთ, რომ ის ყველაფერი, რაც თქვენ გამოიარეთ, მხოლოდ თქვენი ისტორიაა და შეგიძლიათ საკუთარი თავით იამაყოთ.

უკეთ გაიცანით და დაუახლოვდით საკუთარ თავს - სხვა ადამიანებთან ჯანსაღი ურთიერთობები მნიშვნელოვანია, თუმცა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი, საკუთარ თავთან ურთიერთობაა. დაფიქრებულხართ, რამდენად კარგად იცნობთ თქვენს თავს? შინაგანი სიმშვიდისა და ბედნიერების მდგომარეობის მოპოვება რთულია მაშინ, როდესაც ჩვენს თავს არ ვუსმენთ და არ ვიცნობთ. ბევრი ჩვენგანი, მხოლოდ ზედაპირულად იცნობს საკუთარ თავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს აღმოსაჩენი:

- დარჩით მარტო. ნუ გაექცევით მარტოობას, რადგან ეს ყველაზე კარგი შესაძლებლობაა საკუთარი თავის უკეთ გასაცნობად. შეგიძლიათ მარტო გაისეირნოთ, გამოფენაზე წადხვიდეთ ან რესტორანში და საყვარელი კერძი მარტომ მიირთვათ.

- დახატეთ, გააფერადეთ ან გამოძერწეთ რაიმე. ბავშვობაში ამგვარი აქტივობები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო. ახლაც შესაძლებელია, რომ ამ პროცესით დიდი სიამოვნება მივიღოთ და საკუთარ თავსაც მეტად დავუახლოვდეთ. ხელოვნება ხომ კომუნიკაციის უნივერსალური ფორმაა, იქნება ეს საკუთარ თავთან თუ სხვა ადამიანებთან.

- საკუთარი თავის უკეთ გასაცნობად, დღიურის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალია. ამ დროს, გულწრფელად შეგვიძლია ჩამოვწეროთ ყველაფერი, რაც აზრად მოგვდის. გადაკითხვისას კი, უკეთ მივხვდებით, როდის როგორ ვგრძნობთ თავს და რატომ ხდება ასე.

ბედნიერების განცდა არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად გვაქვს. ბედნიერებაა, როდესაც შეგვიძლია დავინახოთ ის ყველაფერი, რაც კარგი და საკმარისია, იქნება ეს ჩვენს გარშემო თუ ჩვენში. ბედნიერებაა, თუ თქვენ თამამად შეგიძლიათ იმის თქმა, რომ კმაყოფილი ხართ თქვენი თავის ამჟამინდელი ვერსიით, რადგან იმ ყველა სირთულეს გაუმკლავდით, რომლებიც ერთი შეხედვით გადაულახავი ჩანდა.

საკუთარი მიღწევებით განცდილი კმაყოფილება არ უნდა გულსიხმობდეს ერთ ადგილას გაჩერებას ან სტაგნაციას. ჯანსაღი მოტივაცია აუცილებელია წინსვლისთვის, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ ბედნიერების საზომი ჩვენთვის კონკრეტული შემოსავალი ან ყველა ჩვენთვის სასურველი თვისების ერთ ადამიანში აღმოჩენა უნდა იყოს. ბედნიერება უფრო მარტივი და ხელმისაწვდომია, ვიდრე ერთი შეხედვით გვგონია, ამიტომ მისი აღმოჩენა ნელ-ნელა შეგვიძლია ჩვენს ყოველდღიურობაშიც დავიწყოთ.

გამოქვეყნების თარიღი: 11 ივლისი, 2022წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები