თანამედროვე მსოფლიოში ციფრულ ტექნოლოგიებზე სულ უფრო მეტად დამოკიდებულნი ვხდებით. წარმოგიდგენიათ, რომ თუნდაც მხოლოდ ერთი სრული დღე, მთლიანად გამოეთიშოთ ონლაინ სივრცეს, გამორთოთ ტელეფონი, არ მიეკაროთ ლეპტოპს და მთელი დრო და ყურადღება მხოლოდ საკუთარ თავს ან თქვენთვის საყვარელ ადამიანებს დაუთმოთ?
მსოფლიოში ახალი ტერმინიც კი დამკვიდრდა – „offline is the new luxury”, რაც ასე ითარგმნება: „ხაზგარეშე ყოფნა – ახალი ფუფუნებაა.“ მიუხედავად ამისა, პრიორიტეტების სწორი განაწილების შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ კვირაში მინიმუმ ერთი დღე სრულად მოწყდეთ სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობას.
და მაინც… რატომ უნდა მოწყდეთ ონლაინ სივრცეს? ინტერნეტს ხომ უამრავი სარგებელიც მოაქვს ჩვენთვის! გთავაზობთ ხაზგარეშე ყოფნის უპირატესობების არასრულ ჩამონათვალს:
მიეჩვევით მომენტში ყოფნას – ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი, რაშიც სმარტფონებში მუდმივად ყურება ხელს გვიშლის – მოცემულ მომენტში ყოფნაა. თავად სცადეთ და შეამოწმეთ. დატოვეთ სახლში ტელეფონი და ისე გადით სახლიდან. თავიდან ერთგვარი უხერხულობის შეგრძნებაც კი გექნებათ, თითქოს რაღაც გაკლიათ და არ იცით, რა გააკეთოთ ისეთ მომენტებში, როდესაც რიგში ლოდინი, ტრანსპორტით მგზავრობა და ა.შ. გიწევთ. თითქოს სმარტფონებმა მომენტში უბრალოდ ყოფნის და დაკვირვების უნარი დაგვაკარგვინა. გამუდმებით ვეძებთ რაიმეს, რითაც თავს გავირთობთ ან რაზეც ყურადღებას გადავიტანთ.
როდესაც საშუალება გექნებათ, ეცადეთ მინიმალურად გამოიყენოთ სმარტფონი. მაგალითად, როდესაც მეგობრებს ხვდებით, გადადეთ ტელეფონი და სრული კონცენტრაცია თანამოსაუბრეზე მოახდინეთ. ან, როდესაც სამსახურში შესვენება გაქვთ, სმარტფონში სიახლეების გაცნობის ნაცვლად, გადით გარეთ, დააკვირდით გარემოს, ეცადეთ შეამჩნიოთ პატარა დეტალები, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენი ყურადღების მიღმა ბევრი საინტერესო და ლამაზი რამ რჩებოდა.
გაგიუმჯობესდებათ კონცენტრაციის უნარი – ინტერნეტის გარეშე, მომენტში ყოფნის პრაქტიკა კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ. თუ მუშაობის, სწავლის ან ნებისმიერი აქტივობის დროს, სოციალურ ქსელებს და ონლაინ კომუნიკაციას მოერიდებით, შეამჩნევთ, რომ გონება ნაკლებად გაგეფანტებათ და ნებისმიერ საქმეს უფრო ხარისხიანად და ნაკლებ დროში შეასრულებთ.
დაგრჩებათ მეტი თავისუფალი დრო – ინტერნეტთან ნაკლები დროის გატარება დაგეხმარებათ, იყოთ პროდუქტიული არა მარტო პროფესიულ საქმიანობაში, არამედ დაგრჩეთ მეტი დრო საკუთარი ინტერესებისა და სხვადასხვა ჰობის განვითარებისთვის. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ კარგად დავიწყებული საქმიანობა თურმე ისეთივე დიდ სიამოვნებას განიჭებთ, როგორც – ადრე. ეს დაგეხმარებათ ახლიდან აღმოაჩინოთ საკუთარი თავი და ბედნიერებისა და კმაყოფილების განცდას მოგანიჭებთ.
გახდებით მეტად შემოქმედებითი – ალბათ ვერც კი ამჩნევთ, რომ სიახლეების მუდმივი გაცნობა და სხვადასხვა ადამიანთან ონლაინ კომუნიკაცია, საკმაოდ ბევრ ენერგიას გართმევთ. ეს არა მხოლოდ მოკლე დროში ძალიან დიდი ოდენობის ინფორმაციის დამუშავების, არამედ სმარტფონების გამოსხივების „დამსახურებაცაა.“ თუ ინტერნეტის გარეშე, უბრალოდ ბუნებაში ყოფნის დღეებს მოიწყობთ, მიხვდებით, რომ თქვენი შემოქმედებითი ენერგია დინებას სულ სხვა მიმართულებით დაიწყებს. შესაძლოა, სხვადასხვა საკითხის კრეატიული გადაჭრის გზები მოგაფიქრდეთ ან ახალი და საინტერესო იდეებით აივსოთ.
ნაკლებად დაისტრესებით – მუდმივად ხაზზე და მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა ხშირად ფორიაქის შეგრძნებას იწვევს. ეს სტრესი შესაძლოა გამოწვეული იყოს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენით ან თუნდაც სხვა ადამიანებისთვის საკუთარი თავის მუდმივი შედარებით.
რა თქმა უნდა, საინტერესოა, თუ რა ხდება თქვენ გარშემო, თუმცა იმისთვის, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, აუცილებელია, პერიოდულად მოწყდეთ გარე სამყაროს და საკუთარ „შინაგან მე“-ზე კონცენტრირდეთ. მაშინაც კი, როდესაც ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობთ და ინტერნეტისგან შესვენების პერიოდი არ გაქვთ, უმჯობესია, გამორთოთ სხვადასხვა მესენჯერისა და აპლიკაციის ხმოვანი შეტყობინება. ამგვარად, ყოველ შეტყობინებაზე სმარტფონში ჩახედვის ნაცვლად, მათ მხოლოდ მაშინ გაეცნობით, როდესაც ამის სურვილი თავად გაგიჩნდებათ.
გაგიუმჯობესდებათ ძილის ხარისხი – ძილის წინ სოციალური ქსელების „სქროლვა“ ბევრი ადამიანისთვის შეუცვლელი რიტუალი გახდა. სამწუხაროდ, ეს ჩვევა იმხელა დამოკიდებულებას იწვევს, რომ შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ მის გარეშე დაძინებაც კი გიჭირთ. თუმცა, კვლევების თანახმად, სმარტფონების გამოსხივება ხელს უშლის მელატონინის გამოყოფას. ეს ის ჰორმონია, რომელიც ძილისა და გაღვიძების ციკლს არეგულირებს. იგი ხელს უწყობს სასიცოცხლო ძალების აღდგენას და ცხოვრების ხანგრძლივობაზეც კი ახდენს ზეგავლენას. გაითვალისწინეთ, რომ ძილის რიტმის დარღვევამ, გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
მგონი საკმარისზე მეტი მიზეზია „ციფრული დეტოქსის“ მოსაწყობად! მალევე შენიშნავთ, რომ მშვიდი ძილი, ნაკლები სტრესი, მეტი თავისუფალი დრო და შემოქმედებითობა, საგრძნობლად აუმჯობესებს თქვენი პირადი და პროფესიული ცხოვრების ხარისხს.