წარმატების მანიფესტაცია
4 წუთიანი საკითხავი
წარმატების მანიფესტაცია

სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად ვხვდებით ვიდეოებს მანიფესტაციის ძალაზე. კარიერული წინსვლა, სიყვარულის პოვნა თუ ჯანმრთელობა – მანიფესტაცია ხშირად ამ ყველაფრის მთავარ წინაპირობად წარმოჩინდება.

რწმენა, რომ სურვილები რეალობად გარდაიქმნება, ბევრი კრიტიკოსისთვის ფსევდომეცნიერებას ჰგავს. თუმცა, ნეირომეცნიერები და ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მანიფესტაცია გაცილებით ძლიერი და შედეგიანი შინაგანი პროცესია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

სინგაპურის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგებმა კვლევებით დაადასტურეს, რომ საკუთარ თავზე ან მიზნებზე პოზიტიურად ფიქრისას ადამიანები ტვინის ისეთ უბნებს ააქტიურებენ, როგორებიცაა ვენტრალური სტრიატუმი და პრეფრონტალური კორტექსი. ეს უბნები, თავის მხრივ, დაკავშირებულია მოტივაციისა და ჯილდოს სისტემებთან და, ასევე – გადაწყვეტილებებისა და ყურადღების მართვასთან. შესაბამისად, პოზიტიურ აზროვნებას ნამდვილად აქვს გავლენა ჩვენს ტვინსა და ქცევაზე, რაც საბოლოოდ შედეგზეც (მომატებულ მოტივაციაზე, გაზრდილ ფოკუსზე, წარმატებაზე და ა.შ.) აისახება.

კლინიკური ნეიროფსიქოლოგი, პროფესორი ანაბელ ჩენი, ამ მოსაზრებას განავრცობს და ტვინის ვიზუალიზაციის კვლევების შედეგებზე მიუთითებს: ვენტრომედიალური პრეფრონტალური კორტექსი, რომელიც დაკავშირებულია მოტივაციის სისტემასთან, მანიფესტაციის დროს აქტიურდება და ჩვენი მიზნების პირად ღირებულებებთან შესაბამისობის დანახვაში გვეხმარება. სწორედ ამიტომ, როცა მიზანს წარმოვიდგენთ და ხმამაღლა ვამბობთ, რომ მისი მიღწევა შესაძლებელია, ტვინი იწყებს ამ მიზნის მნიშვნელოვნად აღქმას და უფრო მეტად გვიბიძგებს მოქმედებისკენ. როგორც ჩანს, ვიზუალიზაცია ჯადოსნობა კი არა, ტვინის ბუნებრივი მექანიზმია, რომელიც სწორი გააქტიურების შემთხვევაში, ჩვენს ენერგიას კონკრეტულ და  ქმედით ნაბიჯებად გარდაქმნის.

მანიფესტაციას სპორტსმენები ხშირად მიმართავენ – ისინი გონებაში ასრულებენ იმ მოძრაობებს, რის შესრულებასაც რეალურად აპირებენ. კლინიკური ფსიქოლოგის, პროფესორ ნატაშა მიტერის განმარტებით, მხოლოდ წარმოსახვაც კი ააქტიურებს ჩვენს ტვინში იმ ნეირონულ გზებს, რომელსაც მოქმედება იწვევს. განმეორებითი ფიქრები და წარმოდგენები კი, ნეირონთა კავშირებს აძლიერებს და დროთა განმავლობაში ქცევას უფრო თავდაჯერებულსა და ფოკუსირებულს ხდის.

ფსიქოლოგები მანიფესტაციის 4 ფაზას გამოყოფენ:

მიზნების დასახვა – მიზნების სწორად დასახვა შედეგის მიღწევისკენ გადადგმული გზის ნახევარია. იმისათვის, რომ მიზნისკენ სვლა გამარტივდეს, აუცილებელია მიზანი იყოს კონკრეტული, გაზომვადი, რეალისტური და პოზიტიურად ფორმულირებული. მაგალითად, „არაჯანსაღ ჩვევებს თავს დავანებებ“ – ამის ნაცვლად, გაცილებით ეფექტური და მიღწევადია, თუ იტყვით: „ყოველ დღე ფეხით სიარულს 30 წუთს დავუთმობ“.

ვიზუალიზაცია – მიზნების ფორმირების შემდეგ დგება ეტაპი, როცა გონებაში ვხატავთ იმ რეალობას, რისი მიღწევაც გვინდა. თუმცა, ვიზუალიზაცია უბრალო წარმოსახვა არ არის, ის უნდა მოიცავდეს სცენების, საგნების ან შედეგების იმგვარ წარმოდგენას, რომ ეს ყველაფერი, თითქოს უკვე რეალობის ნაწილია. ამიტომ, სწორად შესრულებული ვიზუალიზაცია იმდენად ძლიერია, რომ ის ერთდროულად ააქტურებს სმენას, გემოს, სუნს, შეხებას, მოძრაობას და ემოციას.

ყოველდღიური აფირმაციები – აფირმაციები მოკლე და კონკრეტული ფრაზებია, რომლებიც პოზიტიურ მესიჯებს მოიცავს და ადამიანს თავდაჯერებულობას, თვითრწმენას, მოტივაციას მატებს. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ აფირმაციები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში დავნერგოთ და ისეთ ყოფით საკითხებს მივაბათ, როგორებიცაა, მაგალითად: ყავის მომზადება, დილის რუტინა და ა.შ. ასე გაცილებით გავზრდით შანსს, რომ აფირმაციები ჩვენი ცხოვრების ბუნებრივი და სტაბილური ნაწილი გახდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აფირმაცია ორიენტიებული იყოს აწმყოზე და გვეხებოდეს ჩვენ – ანუ იმას, რაც ჩვენი კონტროლის ზონაშია. ნახეთ პლანტას ბლოგი ამ თემაზე: რა გავლენას (და როგორ) ახდენს აფირმაცია ჩვენს ცხოვრებაზე?

„კოსმიური კავშირი“ – მანიფესტაციის ამ დასკვნითი ფაზის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სამყაროში გაგზავნილი პოზიტიური ფიქრები უკანაც პოზიტიურადვე გვიბრუნდება. ამის მეცნიერული მტკიცებულება, ცხადია, არ არსებობს, თუმცა ცალსახაა, რომ პოზიტიური აზროვნება გავლენას ახდენს ჩვენს ტვინზე, ქცევაზე და, საბოლოოდ – შედეგებზე.

როგორც კვლევები აჩვენებს,  მანიფესტაციას, მით უფრო სრულყოფილად და მიზანმიმართულად შესრულებულ მანიფესტაციას, გაცილებით დიდი ძალა და შედეგი აქვს, ვიდრე უბრალოდ სურვილის ჩაფიქრებას. განმეორებითი პოზიტიური მანიფესტაციები ამცირებს სტრესს, არეგულირებს ემოციებს, ზრდის პროდუქტიულობას, გვმატებს თავდაჯერებულობას და მთავარი მიზნისკენ სვლას გვიადვილებს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგივე მექანიზმი მოქმედებს მაშინაც, როცა საკუთარ თავს ნეგატიურ ფრაზებს ვუმეორებთ. ტვინი იკვებება იმით, რასაც ვაწვდით – იქნება ეს იმედი თუ ეჭვი – და შესაბამისად აისახება ჩვენს ქმედებებზეც. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მიზანი თუ აფირმაცია, რომელსაც ჩამოვაყალიბებთ და საკუთარ თავს გავუმეორებთ, პოზიტიურად იყოს ფორმულირებული და გაგზავნილი სამყაროში.

გამოქვეყნების თარიღი: 28 January, 2026წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები