3 წუთიანი საკითხავი
ცვლილება ჩვენი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია, მას ყოველდღე ვეხებით – ზოგჯერ თვალსაჩინოდ, ზოგჯერ კი თითქმის შეუმჩნევლად. ვიცვლით ხან საცხოვრებელ ადგილს, ხან სამუშაოს, ხან, უბრალოდ, სამსახურიდან სახლამდე მისასვლელ გზას. ზოგი ცვლილება დიდი და გადამწყვეტია, ზოგი – იმდენად უმნიშვნელო, რომ მასზე არც კი ვფიქრობთ. მიუხედავად მისი მასშტაბისა, ცვლილებას, უმეტესწილად, თან სდევს არაერთი ემოცია: შიში, სიხარული, გაურკვევლობა, შფოთვა და სხვა.
გაურკვეველი მომავალი ადამიანის ტვინისთვის რისკის ზონას წარმოადგენს. მას თან ახლავს ე.წ. „კატასტროფული აზროვნების“ გააქტიურებაც, როდესაც ცვლილების წინაშე მყოფი ადამიანები ყველაზე უარეს შედეგს წარმოიდგენენ და მას ყველაზე რეალურ და მოსალოდნელ შედეგად აღიქვამენ. ადამიანები, როგორც წესი, შიშს და შფოთვას არა მხოლოდ ნეგატიური, არამედ პოზიტიური ცვლილების დროსაც განიცდიან.
„შიშსა და შფოთვასთან მიმართებით უნიკალური ისაა, რომ ერთიც და მეორეც შეიძლება გამოიწვიოს როგორც ნეგატიურმა ცვლილებამ, ისე – პოზიტიურმა, დაგეგმილმაც და დაუგეგმავმაც. მეტიც, შიშიც და შფოთვაც შეიძლება თანაბრად განვიცადოთ მოულოდნელი ცვლილებების და, ასევე, იმ ცვლილებების მიმართაც, რომლებიც თავად გამოვიწვიეთ“ – ხსნის მენიჯ ბოდირიან-ტერნერი, ფსიქოლოგის დოქტორი კალიფორნიიდან.
ცვლილების დროს განცდილი შიში ევოლუციური თვალსაზრისითაც აიხსნება. პირველყოფილ გარემოში ყოველი სიახლე – უცნობი ლოკაცია, უცხო საკვები, ახალი ტომის გამოჩენა და კლიმატის უეცარი ცვლილებაც კი, ხშირად საფრთხეს მოასწავებდა. თვითგადარჩენისთვის უმჯობესი იყო, ადამიანი ეჭვით და სიფრთხილით განწყობილიყო უცნობის მიმართ, ვიდრე უშუალოდ დაჰპირისპირებოდა მას. კაცობრიობას ეს უნარი დღემდე შემორჩა და სწორედ ამიტომ, როდესაც სიახლეს ეჯახება, ტვინი აფიქსირებს საფრთხის სიგნალს და გვიბიძგებს დავრჩეთ იმ სტაბილურობაში, რომელსაც უკვე ვიცნობთ.
ცვლილების შიში ბუნებრივი და ნორმალურია მანამ, სანამ არ გვაზარალებს და გარემოსთან ადაპტაციაში ხელს მნიშვნელოვნად არ გვიშლის. თუ შიში ჩვენი ცხოვრების ხარისხზე გავლენას ახდენს, მნიშვნელოვანია ის არ უგულებელვყოთ და შემდეგი რჩევები გავითვალისწინოთ:
დაარქვით შიშს სახელი – ცვლილების შიშის დაძლევისთვის პირველი ნაბიჯი მისი იდენტიფიცირებაა. როგორც წესი, შიშის და შფოთვის ზუსტი მიზეზი ჩვენთვის უცნობია და ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გვაბნევს. დააიდენტიფიცირეთ, კონკრეტულად რისი გეშინიათ – მაგალითად, „მეშინია, რომ ახალ სამსახურში თანამშრომლებს არ მოვეწონები“, „მეშინია, რომ უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას დავიკარგები“… ამგვარი კონკრეტიკის შემდეგ, შიში მართვად ამოცანად გარდაიქმნება და გაცილებით ადვილად დაექვემდებარება ანალიზს თუ სტრატეგიულ გეგმას.
იყავით ინფორმირებული – 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, როცა ადამიანები ცვლილების მოსალოდნელი შედეგის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, ტვინი რეაგირებს იმავე ინტენსივობით, როგორც მაშინ, როცა საფრთხე უკვე დადასტურებულია. ამიტომ ცვლილების მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება აუცილებელია – ესაუბრეთ კომპეტენტურ ადამიანს, ვინც მსგავსი გზა გაიარა, იკითხეთ ყველაფერი, რაც გადაწყვეტილების მიღებას და ცვლილებასთან შეგუებას გაგიმარტივებთ. თითოეული ასეთი გააზრებული ნაბიჯი ტვინს უგზავნის სიგნალს, რომ ცვლილება მართვადია და მნიშვნელოვან საფრთხეს არ წარმოადგენს.
შეცვალეთ ფოკუსი – თუ ცვლილება გარდაუვალია, უმჯობესი იქნება, თუ ფოკუსს დანაკარგიდან სარგებელზე გადაიტანთ. შიში ხშირად იმ განცდიდან მოდის, რომ რაღაც ძვირფასს დაკარგავთ. ამის ნაცვლად, აჯობებს კონცენტრირდეთ იმაზე, თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღოთ ცვლილების შედეგად. გაიხსენეთ წარსული წარმატებებიც, რომლებიც დასტურია იმის, რომ სირთულეებთან გამკლავება და საკუთარი თავის ნდობა შეგიძლიათ.
გახსოვდეთ, ცვლილების შიში ბუნებრივი რეაქციაა, რომელიც ჩვენში საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, როგორც გადარჩენის ინსტინქტი. თუმცა, როცა შიში გვბოჭავს, გვზღუდავს მოქმედებაში და განვითარების შესაძლებლობას გვაკარგვინებს, მნიშვნელოვანია, მას შევხედოთ არა როგორც საფრთხეს, არამედ როგორც გამოცდილებისა და პიროვნული თუ პროფესიული ზრდის შანსს.