2 წუთიანი საკითხავი
სიახლე ცვლილებაა, რაც არის ჩვენი ორგანიზმისთვის ნეიტრალური და უბრალო მოვლენა არ არის. ცვლილებები ხანდახან გარდაუვალი და აუცილებელია, ხანდახან კი არჩევანია, და, მიუხედავად ამისა, ჩვენი ემოციური თუ ფსიქოლოგიური რეაქცია სიახლეზე შეიძლება იყოს საკმაოდ კომპლექსური და მას მძიმე ემოციებიც ახლდეს თან.
საინტერესოა, რომ სიახლე, როგორი სასურველი და სასიამოვნოც არ უნდა იყოს ის, ნერვული სისტემისთვის აღიქმება როგორც დისტრესი, რომელიც ჩვენი ორგანიზმისგან – კოგნიტიური და ემოციური სფეროსგან – დამატებითი რესურსების მობილიზებას და ადაპტაციას საჭიროებს.
ამ სტატიაში ვსაუბრობთ ცვლილებების თანმდევი ემოციური თუ ფსიქოლოგიური სირთულეების შესახებ და შემოგთავაზებთ გზებს, რომლებიც ცვლილებებთან ადაპტაციის პროცესში დაგეხმარებათ.
– ცვლილება ნერვული სისტემის გადატვირთვას მოითხოვს. ჩვენი ტვინი ფუნქციონირებს გამოცდილების საფუძველზე ჩამოყალიბებული სქემების მიხედვით, რაც ყოველდღიურად პროგნოზირებადობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განცდას გვაძლევს. ნებისმიერი სიახლე, თუნდაც დადებითი ცვლილება, ჩვენი ნერვული სისტემისთვის ახალი გამოცდილებაა, რისთვისაც შეიძლება მზად არ იყოს და, შესაბამისად, ავტომატური შინაგანი რეაქციის სტრატეგია ჯერ-ჯერობით არ ჰქონდეს. ეს პროცესი კი, ვლინდება როგორც დაბნეულობა, შფოთვა, გაღიზიანება ან, თუნდაც, დისოციაცია.
– ემოციური სფეროსთვის სიახლე დანაკარგია. მართალია გლოვა ტრადიციული გაგებით ტრაგედიასთან ასოცირებული ემოციაა, თუმცა ცვლილება, თუნდაც სასიხარულო, ხშირად რაიმე მანამდე არსებულის დასრულებასაც ნიშნავს, ამიტომ ჩვენი ემოციური სფერო გლოვით ემშვიდობება იმას, რაც მანამდე იყო. ახალი სახლი ან სამსახური, უნივერსიტეტში ჩაბარება, დაქორწინება, დაორსულება და შვილის გაჩენა, ყველა ეს სიახლე, რაც ცხოვრების ახალ ეტაპზე გარდამავალი საფეხურებია, თანადროულად, მანამდე არსებული და ნაცნობი იდენტობის, რუტინისა თუ ადგილების დათმობას მოითხოვს ჩვენგან. ამ ცვლილებებმა კი, შესაძლოა გამოიწვიოს როგორც მოწყენილობა, დაღლა, ძლიერი სევდა, გასადავება, ძილიანობა ან/და უმადობა და სხვა.
რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ ჩვენ ორგანიზმს დავეხმაროთ ცვლილებასთან შეგუების პროცესში:
● მივცეთ საკუთარ თავს დრო – სიახლის შედეგად არსებულ გარდამავალ პროცესში ნერვულ სისტემას სჭირდება დრო იმისთვის, რომ გაიცნოს სიახლე და შეეგუოს ცვლილებას. ამ პროცესში, დაგვეხმარება თუ გავიაზრებთ, რომ რაღაც დასრულდა და სახელს დავარქმევთ მას. ასევე, ცვლილების ფონზე მომატებული შფოთვის საპასუხოდ, შეგვიძლია საკუთარ თავს ვკითხოთ: ეს სიახლე საშიშია თუ უბრალოდ ჯერ არ ვიცი რა არის?
● მივცეთ ემოციებს სივრცე არსებობისთვის – შესაძლოა დადებითი სიახლის ფონზე უჩვეულოდ მძიმე ემოციების განცდა დამაბნეველი იყოს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ გაგებით მოვეკიდებით საკუთარი შინაგანი პროცესების დინამიკას და ლოგიკას, მაშინ სიახლესთან ადაპტაციაც გამარტივდება.
● დამხმარე იქნება იმის გაცნობიერებაც, რომ დაუგეგმავი ცვლილებისა თუ გააზრებული არჩევანის შედეგად დანაკარგია ის, რაც ამ ცვლილების შემდეგ აღარ იქნება, და ისიც, რაც შესაძლო ვარიანტებიდან არ ავირჩიეთ. ხანდახან, უბრალოდ იმის გაცნობიერება, რასაც ვგრძნობთ სავსებით საკმარისია და არ არის აუცილებელი, რომ სევდამ სინანულამდე მიგვიყვანოს.
● გავიხსენოთ ძველი და ჩვენთვის სასიამოვნო რიტუალები – საყვარელი წიგნი, სიმღერა, სერიალი ან საჭმელი, დილით ყავის დალევა ან საღამოს გასეირნება, ყველაფერი, რაც ჩვენთვის ნაცნობი და სასიამოვნოა, ნებისმიერი ცვლილების პირობებში, რომელთან ადაპტაციაც გვიჭირს, უნდა გავიხსენოთ და შევინარჩუნოთ. ეს სიმშვიდის, საკუთარ თავთან კავშირის, უსაფრთხოების და პროგნოზირებადობის განცდას მოგვცემს, რაც შესაძლოა საკმარისი იყოს ჩვენი ფსიქიკური თუ ემოციური სფეროსთვის ცვლილებებთან ადაპტაციის პროცესში.
● გამოვყოთ დრო დასვენებისთვის – სიახლესთან შეგუება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტრესია და ჩვენი ორგანიზმისგან დამატებითი ძალისხმევის გაღებას მოითხოვს, ამიტომ, ამ გარდამავალ პროცესში, დაგვეხმარება თუ შეგნებულად გამოვყოფთ დროს ჩვენი თავისა და დასვენებისთვის. ამასთან, შევზღუდავთ დამატებითი სიახლის წყაროებს, როგორიცაა სოციალური ქსელები და საინფორმაციო არხები.
სიახლე, რომელიც იწვეს სიხარულს და ბედნიერების განცდას, შეიძლება იმავდროულად სევდას და დაბნეულობას იწვევდეს და ეს ნორმალურია. ისიც გასაგები იქნება, თუ ჩვენს არჩევანს ეჭვქვეშ დავაყენებთ და ისიც, თუ წარმოვიდგენთ სცენარებს და სიუჟეტებს ჩვენი ცხოვრების შესახებ, რომლებიც შესაძლოა მომხდარიყო, მაგრამ ვეღარ მოხდება. ფანტაზიისა და ემოციების მეშვეობით ჩვენი ფსიქიკა ცვლილებასთან შეგუებას ცდილობს და ეს ბუნებრივი და აუცილებელი პროცესია.
იმ შემთხვევაში, თუ არსებული ემოციური ან/და ფსიქოლოგიური მდგომარეობა უარესდება, იმატებს რთული განცდების ინტენსივობა და სიხშირე, და ყოველდღიური, თუნდაც მარტივი, აქტივობების შესრულება შეუძლებელი ხდება, სასურველია რომ მიმართოთ სპეციალისტს.