რატომ არის ნოემბერი საუკეთესო თვე დალაგებისთვის
3 წუთიანი საკითხავი
რატომ არის ნოემბერი საუკეთესო თვე დალაგებისთვის

შემოდგომა, განსაკუთრებით კი ნოემბრის თვე, გარდამავალი ანუ ზამთრის ცივი დღეებისთვის მოსამზადებელი პერიოდია. სიცივისთვის კი, უმჯობესია მოვემზადოთ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქიკურად.

გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომ ზამთრის თვეებს უფრო კომფორტულად და თბილად შეხვდეთ.

მოარგეთ თქვენი დღის განრიგი ცივ ამინდებს – ცივ ამინდში, როდესაც არა მხოლოდ ტემპერატურა, არამედ დღის სინათლის ხანგრძლივობა და ინტენსივობაც იკლებს, მნიშვნელოვანია დღის განრიგი ამ ცვლილებების შესაბამისად გადავაწყოთ. გარდამავალ პერიოდში შესაძლოა გადავხედოთ ჩვენს სამუშაო საათებს, ვარჯიშის სახეობას ან დროს, რომელიც გამოყოფილი გვაქვს დასვენების, სეირნობისა თუ კვებისთვის, და ყველაფერი ეს მიმდინარე სეზონის თავისებურებებს მოვარგოთ. მაგალითად, თუ მანამდე ფეხით სეირნობისთვის გარეთ საღამოს გავდიოდით, ახლა ამისთვის უმჯობესია შუადღის შესვენება გამოვიყენოთ. ასევე, თუ თბილ ამინდში ღია ცის ქვეშ ცურვა ან იოგა გვსიამოვნებდა, ახლა აჯობებს პილატესის ან სავარჯიშო დარბაზის აბონემენტი შევიძინოთ.

შეცვალეთ სახლის ინტერიერი ან დეკორაცია – ამინდის გაუარესებასთან ერთად, სახლში სულ უფრო მეტ დროს ვატარებთ. ამიტომ, სასურველია, სახლის ინტერიერი – სამზარეულო, საძინებელი, კაბინეტი თუ მისაღები, შევცვალოთ და ზამთრის სეზონის შესაბამისად გადავაკეთოთ. შეგვიძლია შევცვალოთ ფარდები, თეთრეული ან პლედები, გამოვიყენოთ ზამთრის ფერები და უფრო თბილი ქსოვილი. ასევე, დავამატოთ ინტერიერში თბილი განათება, რბილი ბალიშები, ახალი ნახატები თუ პოსტერები, სანთლები, წიგნები და დეკორაციული ყვავილები, რაც ჩვენს სივრცეში მეტ სიმყუდროვეს შემოიტანს და ზამთრის ცივ და ბნელ დღეებში თავს უფრო კომფორტულად გვაგრძნობინებს.

გადაარჩიეთ და გააჩუქეთ ზედმეტი ნივთები – ნოემბერი საუკეთესო დროა თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების გამოუყენებელი ნივთების, ტანსაცმლის, ტექნიკისა თუ სათამაშოების გადასარჩევად და გასაჩუქებლად. როგორც წესი, დეკემბერში მრავალი სხვადასხვა საქველმოქმედო კამპანია თუ ინიციატივა იწყება. თქვენ მზად იქნებით ჩაერთოთ და თქვენი ნივთებითა და ტანსაცმლით სხვა ადამიანებს დაეხმაროთ.

დაალაგეთ სათავსოები – გარედან შესაძლოა ასე არ ჩანდეს, თუმცა კარადებში, მაცივარსა და სხვა სათავსოებში არსებული ქაოსი და არეულობა ჩვენი გონებისთვის შემაწუხებელია. შესაძლოა, ეს არეულობა ხშირად გვახსენებს კიდეც თავს, თუმცა, მათ დასალაგებლად დრო და ხალისი ვერ გამოვნახეთ. და ახლა, როცა ზამთარი და სადღესასწაულო დღეები ახლოვდება, კარგი დროა სათავსოების დასალაგებლად. ზედმეტი ნივთებისგან ამ სივრცეების გათავისუფლებაც მნიშვნელოვანია, ძველი ნივთები შეგვიძლია გადავაგდოთ ან გავაჩუქოთ და გამოვნახოთ ადგილი ახალი საჭირო ნივთებისთვის.

გაასუფთავეთ ციფრული და ფიზიკური სამუშაო სივრცე – სამუშაო სივრცე, იქნება ეს ფიზიკური თუ ციფრული, ჩვენი ფსიქიკური ცხოვრების დიდი ნაწილია, ხოლო მოუწესრიგებელი, გადატვირთული და დასალაგებელი სივრცე გონებისთვის შემაწუხებელია. სამუშაო პროცესი უფრო სასიამოვნო გახდება, თუ სამუშაო სივრცეს დავალაგებთ, განვაახლებთ და უფრო კომფორტულს გავხდით. ციფრული სამუშაო სივრცის შემთხვევაში, კარგი იქნება თუ ძველ ფაილებს, ფოტოებს, დოკუმენტებს და ყველა გამოუყენებელ პროგრამას თუ აპლიკაციას წავშლით და ამ გზით გავასუფთავებთ ჩვენს ტელეფონებსა თუ კომპიუტერებს.

 

ნეირომეცნიერების მიხედვით, ჩვენი საცხოვრებელი თუ სამუშაო გარემო პირდაპირ კავშირშია ჩვენში მიმდინარე ნეირონულ პროცესებთან, ხოლო გადატვირთული და არეული გარემო, როგორც ვიზუალური გამაღიზიანებელი, კონცენტრაციის გაუარესებას და ფსიქიკური აპარატის გადატვირთვას იწვევს. ამიტომ ახლა კარგი დროა სახლის, პირადი მაგიდისა თუ ციფრული სივრცის დასალაგებლად, რაც ჩვენს ტვინს დასვენების შესაძლებლობას მისცემს და ახალი, დატვირთული და რთული დღეებისა თუ თვეებისთვის სივრცეს გამოათავისუფლებს.

გამოქვეყნების თარიღი: 20 November, 2026წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები