შემოდგომა ჩვენი მენტალური და ფიზიკური კეთილდღეობისთვის
3 წუთიანი საკითხავი
შემოდგომა ჩვენი მენტალური და ფიზიკური კეთილდღეობისთვის

მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომა თბილი დღეებიდან ცივი ამინდებისკენ გარდამავალი პერიოდია, ეს სეზონი ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი მენტალური, ემოციური თუ ფიზიკური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად და, იმ შემთხვევაში, თუ ამ თვეებს სწორად დავგეგმავთ და გამოვიყენებთ, მაშინ ცივ ზამთარსაც უფრო მარტივად გავუმკლავდებით.

ამ სტატიაში გიზიარებთ რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ შემოდგომის სილამაზის აღქმაში, ამ სეზონის სასიამოვნო ტემპერატურის თქვენ საკეთილდღეოდ გამოყენებასა და მოსალოდნელ ცივ ამინდებთან ადაპტაციაში.

მაქსიმალურად გამოიყენეთ ბუნებრივი განათება – შემოდგომის პერიოდში იკლებს დღის სინათლის ხანგრძლივობა და ინტენსივობა, და მცირდება ორგანიზმში ბუნებრივი გზით დე ვიტამინის გამომუშავება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არსებული მზის სინათლე მაქსიმალურად გამოვიყენოთ, ამისათვის: დილიდან გადაწიეთ ფარდები და გააღეთ ფანჯრები, სამუშაო მაგიდა დადგით ფანჯარასთან ახლოს, ყავის ან ლანჩის დრო გაატარეთ აივანზე ან ღია კაფეში და დილით ან შუადღეს გამოყავით თუნდაც 15 წუთი სეირნობისთვის.

შეცვალეთ დღის განრიგი სეზონის შესაბამისად – ზაფხულის აქტიური და ენერგიული დღეებისგან განსხვავებით, შემოდგომის სეზონზე იკლებს ჩვენი ენერგიის დონე, ამიტომ სასურველია, რომ დღის განრიგს და ძილის რეჟიმს გადავხედოთ და მოვარგოთ არსებულ სეზონს. შეიძლება ღამით თუნდაც ერთი საათით მეტი ძილი გვჭირდებოდეს და უკეთესი იქნება, თუ უფრო ადრე დავწვებით ხოლმე, ასევე შესაძლებელია, რომ დილით მეტი დრო დაგვჭირდეს გამოსაფხიზლებლად, აქაც შეგვიძლია 30 წუთით ადრე გაღვიძებას მივაჩვიოთ ორგანიზმი, რომ მშვიდად შეძლოს გამოფხიზლება, შესაძლოა შემოდგომაზე და ზამთარში აქტიური სპორტისთვის ენერგია არ გვქონდეს და უკეთესი იქნება, თუ რამდენიმე თვით დარბაზში ვარჯიშს პილატესით, ველოსიპედით ან სეირნობით ჩავანაცვლებთ და სხვა.

ჩაერთეთ შემოდგომის სოციალურ და სახელოვნებო აქტივობებში – ზაფხულისგან განსხვავებით, შემოდგომა შეიძლება ნაკლებად დატვირთული, თუმცა საინტერესო აქტივობებით იყოს სავსე. შემოდგომა – ახალი წლის დასაწყისია, რა დროსაც, როგორც წესი, მრავალფეროვანი სახელოვნებო და სოციალურ აქტივობებია ხელმისაწვდომი: ნახეთ ახალი ფილმები კინოში; გადაამოწმეთ აფიშა და დაგეგმეთ ახალი სპექტაკლის ნახვა; მოიძიეთ ინფორმაცია გალერეებისა და მუზეუმების შესახებ და დაათვალიერეთ რომელიმე გამოფენა; შეიძლება ახალი ჰობის აღმოჩენაც და კულინარიის, ძერწვის, ქსოვის თუ ფოტოგრაფიის შესწავლაც; ასევე, სანამ ჯერ კიდევ სასიამოვნო ამინდებია, დაგეგმეთ მეგობრებთან შეხვედრა გარე სივრცეებში – პარკში, ტბასთან, კაფეში და სხვა.

შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი შემოდგომის სპორტული ან შემეცნებითი აქტივობები – შემოდგომა საუკეთესო სეზონია ლაშქრობისთვის, როგორც ესთეტიკური, ისე ფიზიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით. დაგეგმეთ ჯგუფური ან ინდივიდუალური ტური ახალი ადგილების სანახავად, იქნება ეს ქალაქის მიმდებარედ არსებული ტყეები თუ მთები, სადაც შემოდგომის გრილი ჰაერი და ფერადი ფოთლებით სავსე ხეები დაგხვდებათ, ან უფრო შორ მანძილზეც შეიძლება ექსკურსიის დაგეგმვა, ახალი ქალაქის ან სოფლების დასათვალიერებლად. შემოდგომა თქვენივე ქალაქის დასათვალიერებლადაც საუკეთესო სეზონია, მოიძიეთ გიდი და დაათვალიერეთ თქვენთვის აქამდე უცნობი შენობები და ქუჩები.

ყოველდღიურ რაციონში გამოიყენეთ შემოდგომის პროდუქტები – შემოდგომის სეზონი მდიდარია საინტერესო და სასარგებლო პროდუქტებითაც, და სასურველია რომ ისინი ხშირად გამოიყენოთ თქვენ რაციონში: გოგრა, ტკბილი კარტოფილი, ბროწეული, ყურძენი, ვაშლი, მსხალი, ხურმა, ჭარხალი, რუკოლა და სხვ. მოიძიეთ შემოდგომის პროდუქტებით ახალი და თქვენთვის საინტერესო რეცეპტები და შეგიძლიათ კვირაში ერთხელ მაინც, მოამზადოთ და გასინჯოთ ახალი კერძი. შემოდგომაზე ცხელი სასმელებიც უფრო გემრიელია: ცხელი შოკოლადი, არომატული ჩაი, გლინტვეინი…

ასე რომ, ფერადი შემოდგომის დღეები შეიძლება ზაფხულის თვეებზე არანაკლებ საინტერესო და სასიამოვნო იყოს, და იმ შემთხვევაში, თუ შემოდგომას, ამინდის და ბუნების გათვალისწინებით, სწორად დავგეგმავთ და გამოვიყენებთ, მაშინ, ის შეიძლება ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი სეზონი გახდეს, რომელიც გვეხმარება ფსიქიკური და ფიზიკური კეთილდღეობის შენარჩუნებაში და ზამთრის ცივი დღეებისთვისაც გვამზადებს.

გამოქვეყნების თარიღი: 03 November, 2026წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები