2 წუთიანი საკითხავი
სეზონური ცვლილება, კონკრეტულად კი თბილი თვეებიდან ზამთრის ცივი დღეებისკენ გარდამავალი პერიოდი, მოზარდებში სხვადასხვა სახისა და სირთულის ცვლილებებს იწვევს. ეს სირთულეები შესაძლოა იყოს აკადემიური, სოციალური, ემოციური, ბიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური ხასიათის.
ამ სტატიაში შემოდგომის სეზონის თანმდევი სირთულეების შესახებ ვისაუბრებთ და შემოგთავაზებთ მოზარდების მხარდასაჭერად არსებულ საშულებებსა თუ გზებს.
კლიმატის ცვლილება ბუნებრივად იწვევს ნერვული, ჰორმონალური და იმუნური სისტემის ცვლილებებსაც: ორგანიზმში D ვიტამინის გამომუშავება იკლებს, პარალელურად, იმატებს მელატონინი – ძილის ჰორმონი, რაც იწვევს მოდუნებას და კონცენტრაციის დაქვეითებას. შედეგად, მოზარდი შეიძლება უენერგიოდ და უხასიათოდ გრძნობდეს თავს. ასე რომ, გარდამავალი ასაკისათვის დამახასიათებელ სხვა სირთულეებთან ერთად, ახლა მათ სეზონურ ცვლილებებთანაც უწევთ გამკლავება. ამ გამოწვევებთან მიმართებაში, დამხმარე იქნება:
● მიუხედავად ამინდისა, მოზარდებმა დრო გაატარონ ბუნებაში – იქნება ეს თქვენთან თუ მეგობრებთან ერთად, ფსიქიკური და ბიოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ დღის მანძილზე ისეირნონ და დრო გაატარონ გარეთ – პარკში, სკვერში, ეზოში თუ სხვაგან.
● აუცილებლად შეინარჩუნონ ან შეიძინონ აქტიური ჰობი – რეგულარული ფიზიკური აქტივობა ენერგიის ბუსტერის ფუნქციას ასრულებს, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქო-ემოციური თვალსაზრისით, ამიტომ აუცილებელია, რომ მოზარდები დაკავებული იყვნენ სპორტით, განსაკუთრებით შემოდგომა/ზამთრის პერიოდში.
● ერთად შეადგინეთ დღის და კვირის რუტინა – სეზონის ცვლილებასთან ერთად, მათთვის დამხმარე იქნება, თუ საკუთარი ჩართულობით და თქვენი დახმარებით, შეიმუშავებენ მომდევნო დღეების განრიგს და ამით ადაპტირდებიან გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებულ სირთულეებთან.
შემოდგომა მოზარდებისთვის არდადეგების დასრულების და სასკოლო დისციპლინის ხელახლა გამომუშავების პერიოდია, რასაც ლოგიკური ემოციური, ფიზიკური თუ კოგნიტური წინააღმდეგობა ან სირთულეები ახლავს ხოლმე. სექტემბერში – ახალი აკადემიური წლის დადგომასთან ერთად, შესაძლოა მათ ახალ სოციალურ სივრცესთან ან გარემოსთან პირველადი ან განმეორებითი ადაპტაცია დასჭირდეთ, ასევე, ახალი სასწავლო პროგრამის, მასწავლებლების, თანატოლების გაცნობა მოუწიოთ, რაც მოზარდებში შფოთვის გამძაფრებას და იზოლაციისკენ მიდრეკილებას უწყობს ხელს. ამ სირთულეებთან გასამკლავებლად და მათ მხარდასაჭერად:
● ღიად ესაუბრეთ და მოუსმინეთ მათ შფოთვისა და სირთულეების შესახებ – თქვენთან ან სანდო, ახლობელ ზრდასრულ ადამიანთან საუბარი, მათ იზოლაციის განცდას შეუმცირებს და, შედეგად, უკეთ, ან უფრო სწრაფად, შეძლებენ სირთულეებთან ადაპტაციასა და მათ დაძლევას.
● პერიოდული შესვენებები აუცილებელია გონებისა და სხეულის განტვირთვისთვის – როგორც სასწავლო დღის, ასევე სასწავლო სემესტრის განმავლობაში, დასვენება და განტვირთვა სასარგებლოა მოზარდების კონცენტრაციისა და მოტივაციის გაუმჯობესებისთვის. ეს შეიძლება იყოს დღის მანძილზე, სკოლასა და მეცადინეობას შორის დასვენება და, ასევე, შაბათ-კვირას ქალაქგარეთ, თუნდაც ერთი ღამით, დასასვენებლად წასვლა.
● სოციალურ სირთულეებთან მიმართებაში, დამხმარე იქნება თქვენ ან მათ გარშემო არსებულ ჯანსაღ ურთიერთობებზე ყურადღების გამახვილება – საუბარი, რომ სოციალური წრის და მეგობრების შერჩევა თავად შეუძლიათ, რაც ურთიერთპატივისცემაზე და მხარდაჭერაზე იქნება დაფუძნებული, ნაცვლად ჩაგვრის და აგრესიისა.
● სოციალური ადაპტაციისათვის – საჭიროების შემთხვევაში, დამხმარე იქნება ასაკობრივი შემეცნებითი ან გასართობი ფასიანი წრეების შერჩევაც, სადაც თანატოლებთან ერთად, მათთვის საინტერესო თემებზე, წიგნებზე, აქტივობებზე კონცენტრირდებიან.
სეზონური გარდამავალი პერიოდი, ბუნებრივი მახასიათებლების გათვალისწინებით მოიცავს: კლიმატურ ცვლილებებს და იმუნური სისტემის ცივ ტემპერატურასთან ადაპტაციის საჭიროებას, დღის სინათლის შემცირებას და, შესაბამისად, ცირკადული რიტმის ცვლილებას, რაც დეპრესიისთვის დამახასიათებელ ნიშნებში ვლინდება და სხვ. ეს და სხვა სეზონური ცვლილებისთვის დამახასიათებელი ასპექტები, საერთო ჯამში, გავლენას ახდენს მოზარდის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ნეირო-ბიოლოგიურ ცვლილებებთან მიმართებაში, გარდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციისა, მათ მხარდასაჭერად შეგვიძლია:
● მოზარდებს მივაწოდოთ ინფორმაცია – ასაკობრივი ცვლილებებისა და მათ ორგანიზმზე სეზონური გარდამავალი პერიოდის გავლენის შესახებ, ეს ცოდნა მათ მისცემთ სიმშვიდეს და გაუმყარებთ თავდაჯერებულობას.
● საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტის ჩართულობა – იმ შემთხვევაში, თუ სეზონური ცვლილებით გამოწვეული ნერვული სისტემის, ემოციური ან კოგნიტური სფეროს სირთულეები სამ-ოთხ კვირაზე მეტხანს გახანგრძლივდა, სასურველი იქნება მოზარდთა ფსიქოთერაპევტთან კონსულტაციის ჩანიშვნა.