ჯანსაღი საზღვრები ზრდასრულ შვილებსა და მშობლებს შორის
2 წუთიანი საკითხავი
ჯანსაღი საზღვრები ზრდასრულ შვილებსა და მშობლებს შორის

საზღვარი გარკვეული დისტანციაა, რაც დედისა და შვილის ურთიერთობაში პირველად მშობიარობისას, ჭიპლარის გადაჭრით იწყება. დროთა განმავლობაში ის ძალიან ფრთხილად, ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს და, ზრდასრული ასაკის მიღწევასთან ერთად, ურთიერთობის დინამიკა “მშობელი – შვილი”, უნდა ჩანაცვლდეს “ზრდასრული – ზრდასრული” ურთიერთობით, ანუ ორი ზრდასრული ადამიანი უნდა შეხვდეს ერთმანეთს, სადაც ასაკისა და ბევრი სხვაობის მიუხედავად, ერთმანეთის საზღვრები იქნება დანახული, აღიარებული და გათვალისწინებული.

ჯანსაღი საზღვრების დაწესება ზრდასრულ შვილებთან შესაძლოა როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად, არც თუ ისე მარტივი იყოს, განსაკუთრებით ისეთ კოლექტივისტურ კულტურებში, როგორსაც ჩვენ მივეკუთვნებით. ასევე, შესაძლოა, უკვე ხშირად გამოყენებული სიტყვა “საზღვარი” უხეშად ჟღერდეს ან/და აღიქმებოდეს, თუმცა მისი რეალური დანიშნულებითა და შინაარსით, ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია შვილებთან ხანგრძლივი, ხარისხიანი და ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და შენარჩუნებისთვის.

ამ სტატიაში ვსაუბრობთ ზრდასრულ შვილებთან ჯანსაღი ურთიერთობის მახასიათებლებზე და გიზიარებთ რეკომენდაციებს, რომლებიც შესაძლოა შვილებთან საერთო ენის პოვნასა და უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში დაგეხმაროთ:

თქვენი როლი შვილთან/შვილებთან მიმართებაში შეიცვალა – და ეს სიახლე ორივე მხარისთვის შესაძლოა საინტერესო და აღმოჩენებით სავსე იყოს. თქვენი როლის ცვლილება ერთმანეთის ხელახლა, ახალი პერსპექტივით დანახვისა და გაცნობის შესაძლებლობაა. ამ შემთხვევაში კი, რაღაცები შესაძლოა შეიცვალოს, გამოსწორდეს ან გაუმჯობესდეს, რაც პირდაპირ აისახება თქვენ ურთიერთობაზე და შესაძლოა მეტი სიახლოვეც გამოიწვიოს.

პატივი ეცით თქვენი ზრდასრული შვილის ავტონომიას – არ არის მარტივი შვილის ზრდასრულობის გააზრება, თან იმის გათვალისწინებით, რომ თქვენი როლი და ჩართულობის საჭიროება იკლებს. თუმცა, ეს ბუნებრივი პროცესის ნაწილია. ზრდასრულობაში, თქვენი სიყვარული მათ პატივისცემასა და გათვალისწინებაში გამოიხატება, გადაჭარბებული ზრუნვის და კონტროლის ნაცვლად.

ჰკითხეთ, რა სჭირდებათ მათ თქვენგან – ნაცვლად ვარაუდის ან პირდაპირ ჩარევისა (თუნდაც კეთილი ზრახვებით), სანამ მათ დასახმარებლად ნაბიჯს გადადგამთ, უმჯობესია ღიად ჰკითხოთ სჭირდებათ თუ არა მათ თქვენგან რჩევა, ან დახმარება. შესაძლოა, ამ ასაკში მათ დამოუკიდებლად ან სხვა ადამიანების დახმარებით ურჩევნიათ არსებული სირთულის მოგვარება და ეს ნორმალურია.

მიიღეთ ის ფაქტი, რომ განსხვავებულები ხართ – როგორც ნებისმიერ ორ ზრდასრულ ადამიანს, ასევე მშობელსა და ზრდასრულ შვილს შესაძლოა განსხვავებული მოსაზრებები, იდეოლოგია ან ფასეულობები ჰქონდეთ. თუ ეს სხვაობა არ გულისხმობს სხვის მიმართ საშიშ/დამაზიანებელ ქცევას ან დამოკიდებულებას, მაშინ თქვენ შორის არსებული სხვაობის მიღება მნიშვნელოვანია.

იფიქრეთ თქვენი ცხოვრების განვითარებაზე – საკუთარ ცხოვრებაზე კონცენტრირება და სიახლეების ძიება ყველა ასაკში მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც შვილები უკვე გაიზარდნენ და საკუთარი თავისთვის მეტი თავისუფალი დრო გაქვთ. ეს შეიძლება მოიაზრებდეს ახალი მეგობრების გაჩენას, ჰობის, მოხალისეობრივ სამუშაოს, მოგზაურობას, ახალი ენის ან უნარების სწავლას, საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვას და სხვა.

განსაკუთრებით კოლექტივისტურ და კონსერვატიულ კულტურაში, შესაძლოა შვილების ზრდასრულობის გაცნობიერება და მათგან სეპარაცია რთული იყოს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ:

• შეინარჩუნოთ მათთან ემოციური კავშირი, მათი ცხოვრების ყველა ეტაპზე, მათი ყველა ნაბიჯისა და ემოციური მდგომარეობის ცოდნის გარეშე;

• შესთავაზოთ თქვენი დახმარება, მაგრამ არ ჩათვალოთ, რომ მათ ეს ნამდვილად სჭირდებათ;

• ოჯახურ ტრადიციებს, თაობების ცვლილებასთან ერთად, განვითარებისა და სახეცვლის საშუალება მისცეთ.

როდესაც შვილები იზრდებიან, მათ მიმართ ზრუნვა იცვლის ფორმებს და თქვენი სიყვარული ვლინდება – მათ მოსმენაში; უპირობო სიყვარულსა და მხარდაჭერაში; ნდობაში და მათი გადაწყვეტილებების პატივისცემაში, თუნდაც უშვებდნენ შეცდომას; ემოციურ თუ ფიზიკურ ხელმისაწვდომობაში, როდესაც მათ ამის საჭიროება აქვთ და სხვა.

ხანდახან შვილებისთვის საკმარისია მხოლოდ იმის ცოდნა, რომ თქვენ ხართ და ისინი გიყვართ ისეთები, როგორებიც არიან.

ზრდასრულობა დამოუკიდებლობას ნიშნავს, ამიტომ მიეცით შვილებს საშუალება რომ გაიზარდონ, შეეშალოთ, გამოასწორონ, განვითარდნენ, შედგნენ დამოუკიდებელ ადამიანებად და ასეთივე სოციუმი შექმნან.

გამოქვეყნების თარიღი: 06 July, 2026წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები