3 წუთიანი საკითხავი
მეგობრობა ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული სოციალური კავშირია. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მას უბრალოდ სასიამოვნო ურთიერთობად აღვიქვამთ, მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ მის გავლენას და დიდ როლს ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
კვლევები აჩვენებს, რომ ძლიერი მეგობრული კავშირების მქონე ადამიანები, როგორც წესი, უფრო ბედნიერები და კმაყოფილები არიან, ნაკლებად განიცდიან სტრესს და ცხოვრებისეულ სირთულეებსაც გაცილებით მარტივად უმკლავდებიან. თუმცა, ნამდვილი მეგობრობა მხოლოდ საერთო ინტერესებს ან დროის სასიამოვნოდ გაყვანას არ გულისხმობს. ის ემყარება ურთიერთპატივისცემას, ნდობას და მზადყოფნას, იყო ადამიანის გვერდით როგორც სირთულეების, ისე წარმატების დროს.
მეგობრობის შესახებ ჩატარებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხანგრძლივი კვლევა Harvard Study of Adult Development ადასტურებს, რომ ადამიანის ცხოვრების ხარისხს ყველაზე მეტად ახლო და მჭიდრო ურთიერთობები განსაზღვრავს. კვლევის ხელმძღვანელის, რობერტ ვალდინგერის თქმით, ცხოვრებისეული კმაყოფილების და ჯანმრთელობის საუკეთესო „წინასწარმეტყველი“ არა სიმდიდრე ან კარიერული წარმატება, არამედ – მყარი სოციალური კავშირებია. სწორედ ამიტომ, როცა მეგობრობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს რა განასხვავებს მას ჩვეულებრივი ნაცნობობისგან და როგორ სახეს იღებს მეგობრობა წლებთან ერთად.
ემოციური უსაფრთხოება – ნამდვილი მეგობრობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ნდობა და უსაფრთხოების განცდაა. ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია ჩვენი ფიქრები, ეჭვები და სირთულეები განსჯის გარეშე გავაზიაროთ და არ გვეშინოდეს, რომ გადაჭარბებული კრიტიკის ან დაცინვის ობიექტი გავხდებით. ასეთი გარემო, რომელიც მიმღებლობით და განსჯისგან დაცლილი პირობებით ხასიათდება, საშუალებას გვაძლევს თავადაც მეტად გულწრფელები და ავთენტურები ვიყოთ, რაც საკუთარი თავით კმაყოფილებასაც კი გვიზრდის და დადებითად მოქმედებს ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე.
თანაგრძნობა და მზაობა, გაგვიგოს – ნამდვილი მეგობარი მხოლოდ ჩვენს მარცხს ან წარმატებას არ იზიარებს, არამედ ცდილობს გაიგოს ჩვენი ემოციები მაშინაც კი, როდესაც თავად განსხვავებული შეხედულება აქვს. ცნობილი ფსიქოლოგის კარლ როჯერსის მიხედვით, ჯანსაღი ურთიერთობების საფუძველი სწორედ თანაგრძნობა, ემპათია და მიმღებლობაა. მისი თქმით, ადამიანები ყველაზე მეტად მაშინ ვითარდებიან, როდესაც გრძნობენ, რომ მათ იღებენ ისეთებად, როგორებიც სინამდვილეში არიან. სწორედ ეს განასხვავებს მეგობრობას ნაცნობობისგან და ზრდის ურთიერთკმაყოფილებას, რაც ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნების ერთ-ერთი წინაპირობაა.
მხარდაჭერა როგორც რთულ, ისე წარმატებულ პერიოდში – მეგობრობა მხოლოდ პრობლემის არსებობის დროს დახმარებას არ გულისხმობს. ის, პირველ რიგში, გულისხმობს უნარს, შეგეძლოს სხვისი წარმატების გულწრფელად გაზიარება. ფსიქოლოგი შელი გებლის და მისი კოლეგების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ურთიერთობების ხარისხს განსაკუთრებით აძლიერებს ე.წ. active constructing responding, ანუ რეაქცია, რომელსაც მეგობარი ჩვენი წარმატების მიღწევის დროს გამოხატავს. ამაში იგულისხმება ენთუზიაზმის გაზიარება, კითხვების დასმა და ჩვენება, რომ ჩვენი წარმატება მისთვისაც სასიხარულოა. ამის საპირისპიროდ, შური ან არასაკმარისი მხარდაჭერა ხშირად ვლინდება თემის შეცვლით, წარმატების დაკნინებით, მიღწევის მნიშვნელობის შემცირებით და სხვა.
მუდმივობა და ერთგულება – ნამდვილი მეგობრობა ყოველდღიურ კონტაქტს არ გულისხმობს და ასაკის მატებასთან ერთად, ეს ყველასთვის უფრო მარტივად გასაგები ხდება. ზრდასრულობაში ადამიანები ხშირად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს, სამსახურს, ცხოვრების რიტმს, ოჯახურ მდგომარეობას, ამიტომ მეგობართან ყოველდღიური კავშირის გაწყვეტა ნორმალური და ბუნებრივია. თუმცა, ძლიერი მეგობრული კავშირებისთვის რამდენიმე კვირიანი პაუზაც კი გამოწვევას არ წარმოადგენს. ამ დროს მთავარი მნიშვნელობა მეგობრობის ხარისხს ენიჭება და არა – მეგობრების რაოდენობას. Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული კვლევა გვაჩვენებს, რომ ზრდასრულთა უმეტესობას მხოლოდ 1-4 ახლო მეგობარი ჰყავს, რაც ნორმალურ სოციალურ მდგომარეობად ითვლება და აძლიერებს ჩვენს კეთილდღეობას, თუკი ეს ურთიერთობები საკმარისად ღრმა და სანდოა.
დროთა განმავლობაში ადამიანები ბუნებრივად ვიცვლებით, იცვლება ჩვენი შეხედულებები და ღირებულებები. მეგობრობაც, როგორც სოციალური კავშირის ყველაზე ძლიერი ფორმა, ჩვენთან ერთად იცვლის სახეს: ზოგი ურთიერთობა სუსტდება, ზოგი კი, რომელიც იმ დროს ჩვენს ღირებულებებთან ყველაზე მჭიდრო თანხვედრაშია – უფრო მყარდება და ძლიერდება. თუმცა, კვლევები ერთ რამეზე თანხმდებიან: ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში რამდენიმე სანდო, დასაყრდნობი მეგობარი ჰყავთ, როგორც წესი, ემოციურად უფრო მტკიცე, ბედნიერები და ჯანმრთელები არიან.
გახსოვდეთ, მეცნიერება ნამდვილ მეგობრობას, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა სოციალურ ურთიერთობას (დედაშვილობა, პარტნიორის სიყვარული თუ სხვა) მათი რაოდენობით ან ერთად გატარებული დროის ოდენობით არ ზომავს. მისი მთავარი საზომი ურთიერთობის ხარისხია – ნდობა, ორმხრივი მხარდაჭერა, ემპათია, გულწრფელი სიხარული და კავშირის შენარჩუნების სურვილი მაშინაც კი, როდესაც ცხოვრებისეულ მოვლენებს და სიახლეებს ადამიანები სხვადასხვა გზით მიჰყავს.