როგორ მოვემზადოთ მამობისთვის
3 წუთიანი საკითხავი
როგორ მოვემზადოთ მამობისთვის

ბავშვის დაბადებამდე და შემდეგ, ჩვილობის პერიოდშიც, მთავარი ყურადღება სრულად დედასა და ბავშვზეა მიმართული – ეს ბუნებრივია და აუცილებელიც. თუმცა ხშირად მთელი ამ პროცესის განმავლობაში მამების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა შეუმჩნეველი რჩება. რეალურად კი, მამობა ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, რომელიც კაცს ეკისრება და ამ ახალი როლისთვის წინასწარ მომზადება აუცილებელია.

ამ სტატიაში მოცემული რეკომენდაციები შესაძლოა დაგეხმაროთ ადაპტაციაში და მამის როლში ბავშვთან ურთიერთობისას უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი.

 

– მოიძიეთ ინფორმაცია ახალდაბადებული ბავშვის საჭიროებების შესახებ – ამ შემთხვევაში ინფორმირებულობა მეტ სიმყარეს და სიმშვიდეს მოგცემთ. წინასწარ მოიძიეთ წიგნები, სტატიები, პოდკასტები ან ვიდეო-გაკვეთილები, სადაც გაეცნობით ინფორმაციას, მაგალითად, საფენის გამოცვლის, ბავშვის დაბანის, ჩვილების უსაფრთხო მგზავრობის შესახებ და სხვა.

– დაგეგმეთ ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე თვე – თქვენი დღის და ღამის განრიგი ბავშვის გაჩენისთანავე შეიცვლება. ასევეა მომდევნო კვირის, თვის და წლის განრიგიც, ამიტომ სასარგებლო იქნება თუ მეტი სიცხადისა და სიმშვიდისთვის, პარტნიორთან შეთანხმებით, წინასწარ დაგეგმავთ და, შეძლებისდაგვარად, გაწერთ მომდევნო თვეების გრაფიკს. ამაში შესაძლოა მოიაზრებოდეს სამსახურეობრივი თუ სხვა პასუხისმგებლობების გადახედვაც, რასაც შესაძლოა დამატებით შეთანხმება ესაჭიროებოდეს.

– ნუ შეწყვეტთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას – ბავშვის დაბადებას ბევრი ცვლილება ახლავს თან, თუმცა საკუთარ ფიზიკურ, მენტალურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და უცვლელი რუტინის ნაწილი უნდა იყოს. შესაძლოა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დარბაზში რამდენიმე საათით ვარჯიში ვეღარ მოახერხოთ, თუმცა შეგიძლიათ ეს აქტივობა ბავშვთან ერთად ყოველ დილით ახლომდებარე პარკში ერთი საათით ფეხით სიარულმა ჩაანაცვლოს. ასევე, თუ რომელიმე სპორტის სახეობა ან ჰობი თქვენთვის მნიშვნელოვანია, არ არის საჭირო მასზე უარის თქმა, მოიფიქრეთ როგორ შეგიძლიათ ამ აქტივობის შენარჩუნება და ახალ რეალობასთან ადაპტირება.

– ჩამოაყალიბეთ ან შეინარჩუნეთ გულწრფელი და ახლო კონტაქტი პარტნიორთან – რთულ პერიოდში კონფლიქტების და ემოციური დისტანცირების ალბათობა მეტია, ამიტომ პარტნიორთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნება/ჩამოყალიბება ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც მშობლებისთვის, ისე ბავშვისთვის. გულწრფელად ისაუბრეთ ერთმანეთში თქვენს ემოციებსა და საჭიროებებზე, რამდენად რთულიც არ უნდა იყოს ეს და გახსოვდეთ, რომ ამ ახალი და დიდი პასუხისმგებლობის წინაშე ორნი უნდა იყოთ ერთად, და არა მხოლოდ ერთ-ერთი თქვენგანი.

– მოიძიეთ სოციალური და პროფესიონალური მხარდაჭერა – მხარდაჭერის მოძიება და განმტკიცება თქვენი, როგორც მშობლის პასუხისმგებლობის ნაწილია. ასეთ დროს მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ სხვების გამოცდილებების მოსმენა. ეს შეიძლება იყოს თქვენი მეგობრები, ოჯახის წევრები, ნათესავები, სხვა მამები, რომლებმაც მსგავსი გზა გაიარეს. ასევე, წინასწარ მოიძიეთ სანდო და კვალიფიციური ბავშვთა განვითარების სპეციალისტი და ფსიქოთერაპევტი, რომლებიც მხარდაჭერას გაგიწევენ აღზრდის სტილის ჩამოყალიბებაში, თანმიმდევრულობის შენარჩუნებაში, ბავშვის საჭიროებების გამორკვევაში, მის ქცევასა თუ ემოციურ სფეროში არსებულ სირთულეებთან გამკლავებაში და სხვ.

 

კარგი მშობლობა არ გულისხმობს უშეცდომო, მუდამ მართალ, ყოველმხრივ შემდგარ და იდეალურ მამობას, არც მხოლოდ შვილის ფინანსური უზრუნველყოფაა საკმარისი და არც მკაცრი ტონით მისთვის საზღვრების დაწესება და სწავლება. კარგი მშობლობის მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარი შეცდომების მიმღებლობის უნარი და განვითარების სურვილი, შვილის ცხოვრებაში აქტიური თანამონაწილეობა, მხარდაჭერა და მისი ცხოვრებისა და ინტერესების მიმართ ცნობისმოყვარეობის შენარჩუნებაა.

გახსოვდეთ, რომ მშობლობა ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა, რომელიც გეკისრებათ და ამ საქმეში შეცდომების დაშვება და საკუთარი თავის ძიება ბუნებრივია. ეს გზა კი, სირთულეებთან ერთად, საინტერესო აღმოჩენებითა და შესაძლებლობებითაა სავსე, რაც უდიდეს შინაგან სიმშვიდეს, კმაყოფილებასა და სიამოვნების განცდას მოგანიჭებთ.

გამოქვეყნების თარიღი: 28 May, 2026წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები