როგორ გავუმკლავდეთ პროკრასტინაციას
3 წუთიანი საკითხავი
როგორ გავუმკლავდეთ პროკრასტინაციას

ტერმინი “პროკრასტინაცია” ანუ საქმის გადადება 21-ე საუკუნეში აქტიურად გვესმის, თუმცა ის თანამედროვე ფენომენი არ არის. ინტერნეტის და სოციალური მედიის ეპოქაში პროკრასტინაციის მიზეზის პოვნა, თითქოს, მარტივია – ჩვენს ტელეფონებში ყოველწუთიერად მოსული შეტყობინებები ჩვენი ყურადღების კონცენტრაციაზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს, თუმცა საქმის გადადების უარყოფითი მხარეების შესახებ ადამიანებს ჯერ კიდევ ძველი ბერძენი პოეტები, ქრისტესშობამდე 700 წლით ადრე, სმარტფონების გამოჩენამდე გაცილებით დიდი ხნის წინ აფრთხილებდნენ.

პროკრასტინაციას ხშირად სიზარმაცეს უკავშირებენ, თუმცა თანამედროვე კვლევები აჩვენებს რომ მისი მიზეზები გაცილებით ღრმაა და კავშირშია ემოციურ რეგულაციასთან. როდესაც შესასრულებელი დავალება დაღლას, შიშს, შფოთს, სტრესს იწვევს, ტვინი სწრაფ და მარტივ სიამოვნებას ირჩევს, მაგალითად სოციალური მედიის “სქროლვას”, საუბარს, სერიალის ყურებას, ჭამას და ძილსაც კი. ამ გზით ის ემოციური დისკომფორტის თავიდან აცილებას ცდილობს. კვლევების მიხედვით, ადამიანები უფრო ხშირად იმ საქმეებს აჭიანურებენ, რომლებიც განსაკუთრებით რთულად, მოსაწყენად ან სტრესულად ეჩვენებათ.

პროკრასტინაციას ხელს უწყობს დაბალი თვითშეფასებაც, გადაღლა და მიზნის ბუნდოვანება. როდესაც შესასრულებელი საქმის საბოლოო სახე და სარგებელი ბუნდოვანია, ტვინს აწმყოში მასზე კონცენტრირება უჭირს. ფსიქოლოგ პირს სტილის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ ადამიანები საქმის დაწყებას განსაკუთრებით აჭიანურებენ მაშინ, როდესაც მისი შედეგი შორეულ მომავალშია. ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ გვიჭირს ვარჯიში, სწავლა და დიდი პროექტების დაწყება – ტვინი მომავალ ბუნდოვან სარგებელზე წინ ახლანდელ კომფორტს აყენებს.

მართალია, პროკრასტინაცია სხვადასხვა ტიპის და ასაკის ადამიანს სხვადასხვაგვარად გვეხება, თუმცა არსებობს მასთან გამკლავების რამდენიმე უნივერსალური გზა, რომელსაც ამ სტატიაში გაგიზიარებთ:

შექმენი გარემო, რომელიც ფოკუსირებაში გეხმარება – პროკრასტინაცია მჭიდრო კავშირშია გარემოსთან. რაც არ უნდა მომართული იყოს გონება საქმის შესრულებისკენ, თუ ის მუდმივად ახალ შეტყობინებებს ან ინფორმაციას იღებს, კონცენტრაცია ძალიან გაუჭირდება. ყურადღების ხშირი გადართვა პროდუქტიულობას მნიშვნელოვნად ამცირებს, ამიტომ აუცილებელია სამუშაო სივრცის სწორად მოწყობა და მთავარ გამაღიზიანებლებთან (ტელეფონი, ტელევიზორი…) წვდომის მაქსიმალურად შეზღუდვა. კვლევები, ასევე, გვაჩვენებს, რომ სასარგებლოა მუშაობისთვის/სწავლისთვის კონკრეტული ადგილის გამოყოფა. როდესაც ტვინი ამ სივრცეს პროდუქტიულობას უკავშირებს, საქმეზე ყურადღების გამახვილებაც მარტივდება.

დაყავი დავალება პატარა ნაბიჯებად – ძალიან დიდი და რთული საქმის დანახვა ტვინს ავტომატურად გადატვირთვის და სტრესის განცდას უჩენს. ამიტომაც, პროკრასტინაციასთან გამკლავების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი დიდი საქმის პატარა, მარტივ ნაბიჯებად დაყოფაა. თუ საქმის შესრულებას, პირობითაც, 4 საათი სჭირდება, დაყავით ის 40-60-წუთიან მონაკვეთებად და თითოეული მონაკვეთის შესრულების შემდეგ რამდენიმე წუთით შეისვენეთ. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თავს უთხრათ: “ახლა დავწერ 1000-სიტყვიან ესეს”, უთხარით: 1. “ახლა მოვიძიებ ესესთვის შესაბამის ლიტერატურას და წავიკითხავ”; 2. “ახლა დავწერ ესეს გეგმას და შესავალს”; 3. “ახლა დავწერ 3 აბზაცს და დასკვნას”; 4. “ახლა გადავხედავ ნაშრომს, მივუთითებ წყაროებს და ავტვირთავ შესაფასებლად”.

უბრალოდ დაიწყე – როგორც წესი, ყველაზე მეტად საქმის დაწყება გვიჭირს. განსაკუთრებით, თუ დავალება რთული და კომპლექსურია, შეიძლება მისი დაწყება საათობითაც გადავდოთ. ამ დროს ფსიქოლოგები ასეთ მარტივ ხერხს გვირჩევენ: როდესაც საქმეს იწყებთ, მისთვის განსაზღვრეთ მხოლოდ 5 წუთი. თქვით: “ახლა დავჯდები, გავარკვევ რა მაქვს გასაკეთებელი და დავწერ სამოქმედო გეგმას”. როგორც წესი, ამ ხუთი წუთის გასვლის შემდეგ ადამიანები საქმეს აღარ წყდებიან და მას კიდევ რამდენიმე წუთით/საათით აგრძელებენ. თუმცა, თუ ასე არ მოხდა, ესეც კარგია – ამ დავალებასთან დაკავშირებით გონებას უკვე მეტი სიცხადე აქვს და მასთან მიბრუნება ნაკლებად გაუჭირდება.

ნუ დაელოდები მოტივაციას – ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ საქმის დაწყებისთვის მოტივაციას ან შთაგონებას უნდა დაელოდოს. სინამდვილეში კი, მოქმედება ხშირად წინ უსწრებს და იწვევს კიდეც მოტივაციას. წარმატებული ადამიანები არა განწყობის, არამედ რუტინის მიხედვით მუშაობენ. მოქმედების დაწყება ხშირად ქმნის იმ ენერგიას და სურვილს, რაც საქმის დაწყებამდე არ არსებობდა. ამიტომ ნუ დაელოდები მოტივაციის ტალღის მოზღვავებას, გამოიყენე მკაფიო ვადები და პასუხისმგებლობის სისტემა. ადამიანები უფრო პროდუქტიულები ხდებიან, როდესაც საქმისთვის კონკრეტული დრო, ადგილი და ვადები მკაფიოდ აქვთ განსაზღვრული.

გახსოვდეთ, პროკრასტინაცია სიზარმაცე არ არის – ის ემოციური დისკომფორტის და გადატვირთვის გამოხატულებაა. ამიტომ თავი შეიკავეთ ისეთი ტიპის კრიტიკისგან და იარლიყებისგან, როგორებიცაა: “არაფერი გამომდის”, “ზარმაცი ვარ” და სხვა. ეფექტური ცვლილებები იწყება მაშინ, როცა საკუთარი ქცევის მიზეზებს ვიაზრებთ და პატარა, ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ვსწავლობთ.

გამოქვეყნების თარიღი: 15 May, 2026წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები