3 წუთიანი საკითხავი
მშობლობა ერთ-ერთი ყველაზე რთული, შრომატევადი და საპასუხისმგებლო მოვალეობაა, რომელიც ცხოვრებაში გვეკისრება. შვილის ან შვილების მოვლა, მათ მრავალმხრივ საჭიროებებზე ზრუნვა, განათლებასა და განვითარებაზე ფიქრი და ამ ყველაფერში ჩვენი მუდმივი ფიზიკური თუ ფსიქიკური ჩართულობა, შეიძლება იმდენად დამღლელი აღმოჩნდეს, რომ სრულ გამოფიტვამდე ე.წ. “გადაწვამდე” მივიდეთ.
თანამედროვე ცხოვრების წესი და ტემპი, სამწუხაროდ არ არის გათვლილი არც ბავშვების საჭიროებებზე და არც მშობლების მხარდაჭერაზე. შესაბამისად, მშობლების “გადაწვა” არა პირადი მიზეზებით ან სირთულეებით, არამედ დიდწილად, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორებით აიხსნება.
ამ სტატიაში გიზიარებთ “გადაწვისათვის” დამახასიათებელ ნიშნებს, გამომწვევ მიზეზებს და ასევე, გზებს, რომლებიც შესაძლოა დაგეხმაროთ მშობლობისათვის საჭირო ძალების აღდგენასა და შენარჩუნებაში.
“გადაწვის” ნიშნებია:
● მუდმივი და ძლიერი დაღლილობის განცდა
● მარტივად გაღიზიანებადობა / ფეთქებადობა
● ემოციური ან ფიზიკური იზოლაცია
● ემოციური დისტანცირება შვილებისგან
● ალკოჰოლის ან სხვადასხვა ნივთიერებების გახშირებული მოხმარება
● წარუმატებლობის / მარცხის განცდა
● დანაშაულის განცდა
● ფიზიკური სიმპტომები, როგორებიცაა: თავის ტკივილი, კუნთების დაჭიმულობა ან სისუსტე, საჭმლის მომნელებელი სისტემის ჩივილები, ძილის ან/და კვების სირთულეები და სხვა.
პერსონალური და გარემო ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა ხელს უწყობდეს მშობლების გამოფიტვას:
– პერფექციონიზმი – შვილებთან შეცდომების დაშვების შიში და სურვილი, რომ იდეალური მშობლები ვიყოთ;
– ადამიანური მხარდაჭერის ნაკლებობა – ბავშვის მეორე მშობლის, საკუთარი მშობლების/ოჯახის, ახლობლების ან სხვა შესაძლო დამხმარე ადამიანების თანადგომის არქონა;
– სოციალური მხარდაჭერის არარსებობა – ბავშვების ზრუნვა-განვითარებაზე, ასევე მათ (ინდივიდუალურ) საჭიროებებზე მორგებული მხარდამჭერი სერვისების/სპეციალისტების სიმწირე ან მიუწვდომლობა.
– ქრონიკული დისტრესი – ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიან(ებ)ზე პასუხისმგებლობა; რთული სამუშაო გარემო ან საქმე; ბევრი შვილები სხვადასხვა საჭიროებებით; მუდმივად გადატვირთული დღის განრიგი; ფინანსური სირთულეები და სხვ.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როდესაც ბავშვებთან ურთიერთობისათვის საჭირო რესურსებს ვეღარ ვგრძნობთ:
საკუთარ თავზე ზრუნვა – საკუთარ ჯანმრთელობაზე, საჭიროებებზე და კეთილდღეობაზე ზრუნვა პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ფუნქციონირებისათვის საჭირო რესურსის აღდგენაში დაგვეხმარება.
რეალისტური მოლოდინების ჩამოყალიბება – რას ვთხოვთ საკუთარ თავს, როგორც მშობელს? და რამდენად რეალური, შესაძლებელი და ადამიანურია ეს მოთხოვნები საკუთარ თავის მიმართ?
შვილებთან კავშირის აღდგენა/დამყარება – კარგი მშობლობა არ ნიშნავს ყოველი დღე-ღამის განმავლობაში შვილების გვერდით ყოფნას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოფიტულები ვართ. იპოვეთ ერთი-ორი სასიამოვნო აქტივობა დღის რომელიმე მონაკვეთში, როდესაც შეძლებთ ყურადღებით და სიამოვნებით ბავშვებთან ურთიერთობას. ეს შეიძლება იყოს დილის საუზმე, ბაღიდან/სკოლიდან გამოყვანა და სახლამდე გასეირნება ან ძილის წინ ერთმანეთისთვის დღის ამბების გაზიარება.
მხარდაჭერის მოძიება – ისევე, როგორც ემოციური თუ ფიზიკური “გადაწვა,” ასევე მხარდამჭერი ადამიანების თუ რესურსების მოძიება საკუთარი როლისა და მოვალეობის მიმართ მაღალი პასუხისმგებლობის მანიშნებელია. ყველა მშობელს, რომელიც ამ პასუხისმგებლობას ასრულებს, პერიოდულად აქვს სირთულე და მხარდაჭერა სჭირდება. იქნება ეს ოჯახის წევრი, ძიძა, ბავშვთა თერაპევტი თუ მშობლების მხარდამჭერი ჯგუფები, მოიძიეთ და შესაძლებლობის ფარგლებში გამოიყენეთ ეს ადამიანები და სერვისები.
მშობლების ფსიქოლოგიური და ემოციური “გადაწვის” ნიშნები ძალიან ჰგავს და მოიცავს კიდეც დეპრესიის მდგომარეობისათვის დამახასიათებელ სიმპტომატიკას. ამ მდგომარეობის გახანგრძლივების და საკუთარი რესურსებით დაუძლევლობის შემთხვევაში, მიმართეთ ფსიქოთერაპევტს.