4 წუთიანი საკითხავი
თანამედროვე სამყარო და თანამედროვე ადამიანი, სულ უფრო მეტად მიდრეკილი ხდება ინდივიდუალიზმისა და იზოლაციისკენ, ნაცვლად ტრადიციული კოლექტივისტური ცხოვრების წესისა. შესაძლოა ამ ტენდენციასაც უკავშირდებოდეს შინაური ცხოველების აყვანის გაზრდილი სტატისტიკა.
შინაური ცხოველები მრავალი მიმართულებით ცვლიან ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ. ისინი გავლენას ახდენენ ჩვენს ემოციურ, ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობაზე.
დღევანდელ სტატიაში გიყვებით შინაურ ცხოველებთან ურთიერთობის დადებით მხარეებზე:
ფიზიკური კეთილდღეობა – ცხოველებთან სიახლოვე და მათთან ურთიერთობა ამცირებს ორგანიზმში კორტიზოლის დონეს და ხელს უწყობს არტერიული წნევის დასტაბილურებას. ასევე, მაგალითად, ძაღლების პატრონები ფიზიკურად უფრო აქტიურები არიან, მეტს და უფრო ხშირად დადიან ფეხით, რასაც, თავის მხრივ, დადებითი გავლენა აქვს არამხოლოდ ფიზიკურ, არამედ ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე.
ფსიქოლოგიური და ემოციური კეთილდღეობა – ცხოველები ყოველთვის აწმყოში არიან, რაც ჩვენც გვეხმარება შფოთვის შემცირებასა და აწმყო დროზე კონცენტრაციაში. შესაძლოა, თევზის მშვიდი ცურვა იყოს, რაც სიმშვიდეს მოუტანს ჩვენს გონებას და სხეულს, ან კატის თბილი მოსალმება სახლში მისვლისას, რაც მარტოსულობის განცდას არ დაუტოვებს ადგილს… ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოველებთან ურთიერთობისას უპირობო სიყვარულის გამოცდილებაა, რაც გვახსენებს ან ხელახლა გვასწავლის უსაფრთხო და სანდო კავშირის შესაძლებლობას.
სოციალური კეთილდღეობა – ადამიანებს, რომლებსაც სოციალიზაციის სირთულეები აქვთ და, ამასთან ერთად, საერთო ინტერესების მქონე ახალი ადამიანების გაცნობის სურვილს გრძნობენ, ცხოველებთან დაახლოება ამ შემთხვევაშიც დამხმარე იქნება. პირველ რიგში, თავად ცხოველთან კავშირის დამყარებით ვსწავლობთ ურთიერთობას. შემდეგ კი, ცხოველის ჯიშის ან სახეობის მიხედვით, სოციალურ ქსელში ჯგუფების მოძიება და იქ სხვებთან ერთად გაწევრიანება შეგვიძლია, ან პარკებში ძაღლებისთვის განკუთვნილ სივრცეში გასეირნება და იქ ახალი ნაცნობების შეძენა.
ბავშვების ცხოველებთან სიახლოვე ისეთი მნიშვნელოვანი უნარებისა და თვისებების გამომუშავება/განვითარებას უწყობს ხელს, როგორებიცაა: პასუხისმგებლობა, თანაგრძნობა, ემოციური ინტელექტი, ზრუნვა, კონცენტრაციის უნარი და სხვ.
ხანდაზმულ ასაკში, როდესაც შესაძლოა ცხოვრების ხალისი გაქრეს, ყოველდღიური მიზნები აღარ არსებობდეს და მარტოსულობის განცდა აუტანელი გახდეს, შინაურმა ცხოველმა, რომელიც სეირნობას და დიდ ფიზიკურ/ფინანსურ რესურსს არ საჭიროებს, შესაძლოა გაახალისოს და ბედნიერების განცდა შემატოს ასაკოვანი ადამიანების ყოველდღიურობას.
მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ შინაური ცხოველი ცოცხალი არსებაა, რომელსაც ბევრი საჭიროება აქვს. მათი სიყვარულის და დადებითი გავლენის საპასუხოდ, ისინი ჩვენგან დროს, ყურადღებას, ფინანსებს და ფიზიკურ თუ ემოციურ რესურსებს მოითხოვენ. ეს პასუხისმგებლობაა, რომლისთვისაც შესაძლოა ყველა არ იყოს მზად, ყველას არ ჰქონდეს საშუალება ან სურვილი, რომ ყოველდღიურ სირთულეებთან ერთად, დამატებით ცოცხალ არსებაზე აიღოს პასუხისმგებლობა.
თუ შინაური ცხოველის აყვანას მაინც გადაწყვეტთ, დაფიქრდით, რომელი ცხოველისთვის/არსებისთვის იქნება თქვენი ცხოვრების წესი კომფორტული. შეადარეთ ერთმანეთს თქვენი დღის განრიგი, ფინანსური მდგომარეობა და ცხოველის საჭიროებები და გადაწყვეტილება ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღეთ. ისიც გახსოვდეთ, რომ მიუსაფარ ცხოველებსაც ისეთივე გავლენა აქვთ ადამიანებზე, როგორიც ლამაზ და ძვირადღირებულ ცხოველებს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ თავშესაფრიდან ან ქუჩიდან შეკედლებული ცხოველები უფრო მადლიერები არიან გადარჩენისთვის.