4 წუთიანი საკითხავი
თანამედროვე სამყაროში ემოციურ კეთილდღეობაზე სულ უფრო ხშირად ვსაუბრობთ. საზოგადოების დიდმა ნაწილმა უკვე გააცნობიერა, რომ ფიზიკური თუ კარიერული კეთილდღეობა განყენებული ცნებები არ არის და ემოციური სტაბილურობისა და კმაყოფილების გარეშე არ მიიღწევა. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ემოციური კეთილდღეობაც, თავის მხრივ, მხოლოდ პერსონალური საკითხი არაა. სინამდვილეში, მას გაცილებით ფართო გავლენა აქვს – კვლევები მიუთითებს, რომ ინდივიდის პირველი და ყველაზე ძლიერი ემოციური გარემო სწორედ ოჯახში ყალიბდება, ამ გარემოს შემქმნელი კი ხშირად დედაა.
შვილის ემოციური კეთილდღეობა, განსაკუთრებით ცხოვრების ადრეულ ეტაპზე, დედის ემოციური კეთილდღეობის გარეშე, ფაქტობრივად, გამორიცხულია. დედა, რომელიც ზრუნავს საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ქმნის უსაფრთხო და მხარდაჭერით სავსე სივრცეს, სადაც ბავშვს შეუძლია მშვიდად განვითარდეს, ისწავლოს ემოციების მართვა და თვითრწმენა ჩამოიყალიბოს.
კვლევები მიუთითებს, რომ ბავშვები, რომელთა დედები ემოციურად სტაბილურები და ბედნიერები არიან, ნაკლებ ქცევით პრობლემებს ავლენენ და უკეთ უმკლავდებიან როგორც სკოლას, ისე სოციალურ ურთიერთობებს. ოჯახის ფსიქოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ბავშვები, რომელთა დედებს დაბალი დეპრესიული სიმპტომები აქვთ, მაღალი ემოციური უსაფრთხოებით და უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობით ხასიათდებიან. ეს ყოველივე კი, გავლენას ახდენს აკადემიურ მიღწევებზე და ცხოვრებისეულ კმაყოფილებაზე.
ამ საკითხზე ჩატარებული კიდევ ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევა ბრიტანელ სოციოლოგ სტეფან მაკკეის სახელს უკავშირდება. ლინკოლნის უნივერსიტეტში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში, მაკკეი და სხვა მკვლევრები დაახლოებით 13,000 ოჯახს დააკვირდნენ. ოჯახებზე დაკვირვება ათ წელზე მეტხანს გრძელდებოდა – დაიწყეს მაშინ, როდესაც ოჯახში ბავშვები 9 თვის იყვნენ და დაასრულეს, როდესაც ბავშვების ასაკი 14 წელი იყო. შედეგებმა აჩვენა, რომ ბავშვების ემოციური კეთილდღეობისთვის ორივე მშობლის ემოციური მდგომარეობა მნიშვნელოვანია, თუმცა დედის ბედნიერება ოჯახური გარემოსა და ბავშვის განვითარების პროგნოზირებაში განსაკუთრებით ძლიერი ფაქტორია.
ამ კვლევის მიხედვით, როდესაც დედა საკუთარ ურთიერთობაში ბედნიერია, იზრდება ალბათობა, რომ ოჯახი წლების განმავლობაში სტაბილურად შენარჩუნდება და შვილებს მოზარდობის ასაკში ფსიქიკური ჯანმრთელობის ნაკლები პრობლემა გამოუვლინდებათ. ეს ეფექტი ვრცელდება როგორც გოგონებზე, ისე ბიჭებზე და არ არის დამოკიდებული ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა დედის ასაკი, ეთნიკური წარმომავლობა ან განათლება. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ დედის ემოციური კეთილდღეობა დადებითად აისახება დედაშვილურ ურთიერთობებზეც, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი საფუძველია დედის ემოციური მდგომარეობა ბავშვის გრძელვადიანი კეთილდღეობისათვის.
დედის ემოციური კეთილდღეობის შენარჩუნებისა და ზრდისთვის ფსიქოლოგები რამდენიმე გზას გვთავაზობენ:
საკუთარი დროისა და სივრცის არსებობა – დედისთვის (განსაკუთრებით ახალბედა დედისთვის) მნიშვნელოვანია არსებობდეს დრო და სივრცე, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნის. ყოველდღიური პასუხისმგებლობებისგან დაცლილი ისეთი აქტივობები, როგორიცაა სეირნობა, ჰობი ან, უბრალოდ, საკუთარ თავთან მშვიდად დარჩენა, დედებს ემოციური ენერგიის აღდგენაში და სტრესის დაძლევაში ეხმარება.
მხარდამჭერი გარემო – დედის ემოციური კეთილდღეობა იზრდება, როდესაც გრძნობს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ემოციურ მხარდაჭერას პარტნიორისგან, ოჯახის წევრებისგან და მეგობრებისგან. ამისათვის მნიშვნელოვანია, დედას სირთულეებზე გულახდილად საუბრისთვის უსაფრთხო სივრცე ეგულებოდეს და დახმარების თხოვნა თავისუფლად შეეძლოს.
ფიზიკური ჯანმრთელობა – ფიზიკური და ემოციური კეთილდღეობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ამიტომ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ჯანსაღი კვება, საკმარისი ძილი, ფიზიკური აქტივობა და ბუნებაში დროის გატარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს დედის განწყობის გაუმჯობესებასა და დაღლილობის ან შფოთის დაძლევაში.
შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვები ემოციებს არა სიტყვებით, არამედ, პირველ რიგში, დაკვირვებით სწავლობენ. მათი დაკვირვების უპირველესი ობიექტი კი, უმეტესწილად დედაა. პატარები ხედავენ, როგორ რეაგირებს დედა სირთულეებზე, როგორ უმკლავდება სტრესს, როგორ გამოხატავს სიყვარულს და მხარდაჭერას. სწორედ ამ ყოველდღიური მაგალითების საფუძველზე ყალიბდება ბავშვის ემოციური ინტელექტი, თავდაჯერებულობა და ურთიერთობის უნარები. ამიტომ დედის ემოციური კეთილდღეობა მხოლოდ ინდივიდუალური კეთილდღეობა არ არის, არამედ ეს არის ერთგვარი საფუძველი, რომელზეც მომავალი თაობების ფსიქოლოგიური მდგრადობა, წარმატება და ბედნიერება შენდება.