4 წუთიანი საკითხავი
მშობლობა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმიანობაა, რომელიც ერთდროულად ან მონაცვლეობით, შეიძლება იყოს სასიამოვნო, რთული, ბედნიერებით და გამოწვევებით სავსე. ყველა ეტაპზე მშობლობა მოიაზრებს ზრდას, ზრუნვას, მართვას და წინამძღოლობას.
ბავშვის ფსიქო-ემოციური სტაბილურობისა და განვითარებისთვის, მათ ყოველდღიურობაში რუტინა და წესები უნდა არსებობდეს. ეს წესები და შემუშავებული რუტინა იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ მათი დაცვა იქნება პრიორიტეტი ორივე მშობლისთვის. რა თქმა უნდა გამონაკლისი შემთხვევები იქნება და მნიშვნელოვანია, რომ ეს გამონაკლისებიც იყოს მშობლებს შორის შეთანხმებული და ორივე მშობლისგან ნებადართული.
შეთანხმებული მშობლობა არანაკლებ მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც მშობლებისთვის, რადგან ამ სტრატეგიით, პასუხისმგებლობა გადანაწილებულია ორივე მშობელზე, ხოლო ბავშვების აღზრდა ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებების დაცვას ეფუძნება.
გიზიარებთ რეკომენდაციებს შეთანხმებული მშობლობის სტრატეგიის შემუშავებისთვის:
წარსული გამოცდილებების და თანამედროვე მიდგომების გაცნობა – იმისათვის, რომ როგორც მშობლებმა საერთო სტრატეგია შეიმუშაოთ, პირველ რიგში, ერთმანეთის გამოცდილებების და დამოკიდებულებების გაცნობაა საჭირო. როგორი კვების, ძილის, გართობის, მეცადინეობის წესები იყო თქვენ ოჯახში როდესაც იზრდებოდით? როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა წლების განმავლობაში და ახლა როგორი დამოკიდებულება გაქვთ ამავე საკითხთან მიმართებაში? როგორია თანამედროვე კვლევების მიხედვით არსებული რეკომენდაციები? რომელი წესები ან ტრადიციები შეგიმჩნევიათ თქვენ გარშემო არსებულ ოჯახებში, რომლებსაც თქვენც სიამოვნებით დანერგავდით?
პრიორიტეტებზე შეთანხმება – ერთმანეთის გამოცდილების, თანამედროვე რეკომენდაციებისა და სუბიექტური ხედვების გაზიარების შემდეგ, უკვე შესაძლებელია საერთო ღირებულებებსა და წესებზე შეთანხმება, რასაც მთავარი აღმზრდელი პირები – მშობლები (შეიძლება ძიძაც, ან სხვა, მნიშვნელოვანი დამხმარე პირი) გამოიყენებენ ბავშვებთან ურთიერთობისას. შესაძლებელია, რომ ბებიამ და ბაბუამ, დეიდებმა ან ბიძებმა, ბავშვებთან ყოფნისას ყველაფერი თქვენი სურვილის მიხედვით ვერ შეასრულონ, თუმცა ეს არ იქნება საგანგაშო, პირიქით. მთავარია რომ დედას და მამას საერთო პოზიცია ჰქონდეთ მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში.
შეთანხმებული სტრატეგია – მშობლების მიერ შეთანხმებული საერთო სტრატეგია პირველ რიგში უნდა ითვალისწინებდეს ბავშვების ხასიათისა და პიროვნული სტრუქტურის თავისებურებებს. საერთო სტრატეგიის შესამუშავებლად დასაფიქრებელი საკითხები შეიძლება იყოს: რომელ საათზე საუზმობთ/სადილობთ/ვახშმობთ? გაქვთ თუ არა კვირაში ერთი დღე მაინც, როდესაც ოჯახური ტრადიციის მიხედვით, ერთად სადილობთ/ვახშმობთ? როდის არის მეცადინეობის საათები? როდის აქვთ ბავშვებს თავისუფალი დრო და დღე, რომელსაც საკუთარი სურვილით დაგეგმავენ? რომელი წიგნი უნდა წაიკითხონ ერთი თვის ვადაში? დღეში რამდენი გვერდი? როგორია თქვენი (და შესაბამისად ბავშვების) დამოკიდებულება უსახლკარო ცხოველების, ბუნების დანაგვიანების, ადამიანების უფლებების შესახებ? რას მოელით შვილებისგან აკადემიურად? როგორ ხედავთ მათ სოციალურ პასუხისმგებლობას? რა მოვალეობები აქვთ ბავშვებს სახლში (საკუთარი ოთახის დალაგება..)? რომელ საათზე იწყება მომზადება დასაძინებლად კვირის დღეებში/დასვენების დღეებში?
შეთანხმებული მშობლობის მეთოდის გავლენა ბავშვებზე:
● უსაფრთხო და კეთილგანწყობილ გარემოში არსებული გეგმა, მათი ასაკისა და უნარების შესაფერისი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, შფოთვის საპირისპიროდ, ბავშვების ემოციურ მდგომარეობას აწონასწორებს. ასევე, მათ თავდაჯერებულობისა და თვითდისციპლინის გამომუშავებაში ეხმარებათ.
● მშობლების მაგალითით და მათთან ურთიერთობის გამოცდილებით, შეთანხმებული, ემპათიური და ავტორიტეტული აღზრის მეთოდი ბავშვების სოციალურ და აკადემიურ უნარებზე დადებითად მოქმედებს. ამ შემთხვევაში, მათი ურთიერთობებიც ურთიერთპატივისცემას ემყარება და საკუთარი და სხვა ადამიანების საზღვრების და პირადი სივრცის მნიშვნელობასა და დაცვასაც სწავლობენ.
● თანამშრომლობაზე დაფუძნებული მშობლობა კომპრომისსაც მოიაზრებს, რაც ბავშვებს რთულ სიტუაციაში გამოსავლის მოძებნასა და ფსიქიკურ მოქნილობას ასწავლის. მაგალითად, თუ ერთი მშობელი მკაცრ ძილის გრაფიკს ანიჭებს მნიშვნელობას და კვირის დღეებში ეს წესი იმუშავებს, ხოლო მეორე თანახმაა, რომ დასვენების დღეებში ბავშვებმა გვიან დაიძინონ, მშობლებს შორის ამ შეთანხმების მიღწევა პრობლემის გადაჭრის და კომპრომისის მიღწევის ფორმა იქნება, რაც ბავშვებს სხვადასხვა პერსპექტივის დანახვასა და გათვალისწინებას ასწავლის.