4 წუთიანი საკითხავი
თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობა იმდენად სწრაფი და გადატვირთულია, რომ სულ უფრო ნაკლებად გვაქვს ცნობიერად აწმყო დროში ყოფნის შესაძლებლობა. თუმცა, იზრდება ამის საჭიროება, რადგან რაც მეტი პასუხისმგებლობა, მოვალეობა, საფიქრალი თუ სადარდებელი გვაქვს, მით მეტად გვჭირდება შეჩერება და შესვენება.
ცნობიერად და მიზანმიმართულად აწმყოში ყოფნის უნარი ადამიანებს ხელახლა გამოსამუშავებელი გაგვიხდა, რადგან ჩვენი გონება ძირითადად წარსულში ან მომავალშია და აწმყო დრო, და მასში ჩვენი მდგომარეობა, უყურადღებოდ გვრჩება.
რას ნიშნავს აწმყოში ყოფნა:
გონებას არ შეუძლია ერთდროულად ორ სხვადასხვა დროში ყოფნა, მაგალითად: წარსულზე სინანული და სამომავლო გეგმების დასახვა – თანადროულად საკუთარი მტკივნეული გამოცდილების გახსენება და საზაფხულო მოგზაურობის სავარაუდო თარიღზე ფიქრი.
ჭეშმარიტად აწმყოში ყოფნა კი, სრული კონცენტრაციის ერთი კონკრეტული მიმართულებით ფოკუსირებაა. მთელი ყურადღებით იმწამიერ მოვლენაზე, აქტივობაზე ან შეგრძნებაზე დაკვირვება.
ჩვენი დაკვირვების ობიექტი შესაძლოა აწმყოში არსებული ნებისმიერი ფენომენი იყოს: გარემო, ამ გარემოში მიმდინარე მოვლენა, აქტივობა, რომელსაც ვასრულებთ, საკუთარ სხეულში ან/და შინაგან სამყაროში არსებული რომელიმე შეგრძნება ან ემოცია.
როგორ შევძლოთ აწმყოში ყოფნა:
რაც უფრო ხშირად გავავარჯიშებთ გონებას აწმყოში არსებულ, რეალურ ფენომენებზე/მოვლენებზე დაკვირვებაში, მით მეტად გამოვიმუშავებთ აწმყოში ყოფნის უნარს. თავდაპირველი ძალისხმევის შედეგად, უკვე ავტომატური გახდება აწმყო დროში ჩართულობის სიხშირე და ხარისხი.
მარტივი სავარჯიშოები, რომლებიც აწმყო დროში ყოფნის უნარის გამომუშავებაში დაგეხმარებათ:
სუნთქვა – სუნთქვის პროცესზე დაკვირვება შეგვიძლია ნებისმიერ დროსა და ადგილას. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, დღის განმავლობაში შეგვიძლია შევჩერდეთ, თვალები დავხუჭოთ და ერთი წუთის განმავლობაში დავაკვირდეთ როგორ ივსება და იცლება ჩვენი ფილტვები.
ფიქრები – ფიქრებზე დაკვირვებისას, ჩვენ გვიწევს ჩვენი ფიქრებისგან დისტანცირება, ე.ი ჩვენ არ მივყვებით ჩვენ ფიქრებს და მათ შინაარსს წარსულში ან მომავალში. აწმყოში ვბრუნდებით და ამ პოზიციიდან ვაკვირდებით რა ხდება ჩვენ ფიქრებში. ჩვენ ვართ ის, ვინც აკვირდება ფიქრებს და არა ის, რაც ხდება ამ ფიქრებში.
მოძრაობა – ჩვენ სხეულზე დაკვირვება შეგვიძლია როგორც ვარჯიშის დროს დარბაზში, ასევე მაღაზიამდე ან სამსახურამდე მიმავალ გზაზე, ფეხით სიარულისას. აირჩიეთ რომელიმე კიდური და დააკვირდით შეგრძნებებს, რა იცვლება შეგრძნებათა ველში მოძრაობის შედეგად, რომელი მოძრაობაა კუნთისთვის უფრო სასიამოვნო და, მაგალითად, როგორი შეგრძნებაა, როდესაც მთელი ძალით აბიჯებთ ფეხს და აწვებით მიწას. დაკვირვების ობიექტად შესაძლოა მონაცვლეობით ავირჩიოთ სხეულის სხვადასხვა ნაწილი და ყურადღება ერთიდან მეორეზე გადავიტანოთ.
წერა – წერა გვეხმარება ჩვენი ფიქრების და შეგრძნებების გაგებაში. თავიდან შესაძლოა რთული იყოს, გვეგონოს, რომ ვერ ვხვდებით რას ვგრძნობთ, ვერ გადმოვცემთ რას განვიცდით ან არ ვიცოდეთ როგორ უნდა მოვუყაროთ თავი ჩვენ ფიქრებს. თუმცა, სისტემატიური გავარჯიშებით, შევძლებთ წერის საშუალებით ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობის გაცნობიერებას, სახელდებას და მასთან გამკლავებას.
აწმყოში ყოფნა შესაძლებელია აღქმის ორგანოებზე დაკვირვებითაც:
თვალი – იპოვეთ თვალით თქვენ გარშემო არსებული სხვადასხვა ობიექტები და დააკვირდით მათ. ფოთოლი, წიგნის ყდა, ჭიქა, პირსახოცი, ვაზა, ჩანთა… ნებისმიერი ნივთი ან ობიექტი, რომელიც თქვენ გარშემოა და თქვენთან ერთად არის აწმყოში, შეიძლება რომ შეისწავლოთ თვალით.
ყური – მოუსმინეთ თქვენს გარემოში, აწმყოში არსებულ ხმებს. ეს შეიძლება იყოს: მანქანის ხმა, ჩიტის ჭიკჭიკი, ძაღლის ყეფა, ონკანის ხმა, მეზობელ ოთახში ფეხის ნაბიჯების ხმა და სხვა. ყველა ხმა, რომელიც თქვენ გარშემოა, დაგაბრუნებთ და გამყოფებთ აწმყოში.
კანი – შეეხეთ თქვენზე ან თქვენ გარშემო არსებულ ობიექტებს და ტაქტილური გზით შეისწავლეთ აწმყო. რამდენად სასიამოვნოა ძაფი, რომლითაც თქვენი ჯემპრია მოქსოვილი; როგორი ტემპერატურისაა თქვენი ხელის გული; როგორი შეგრძნებაა, როდესაც ყინულს ეხებით და რა იცვლება ცხელ წყალთან შეხებისას.
როგორ განიცდება აწმყოში ყოფნა:
აწმყოს მიმართ ინტერესი, მასში ყოფნის სურვილი, მიმდინარე მოვლებეში ჩართულობა და მონაწილეობა, ცვლის ცხოვრების და თქვენი ურთიერთობების ხარისხს. ქაოსის, შფოთვის და განგაშის საპირისპიროდ, ყურადღების და კონცენტრაციის აწმყო დროში მობილიზებას, სიმშვიდის და საკუთარ თავთან კავშირის დამყარების განცდა მოაქვს. როგორც საკუთარ თავთან, ასევე გარშემომყოფებთან ურთიერთობები, უფრო ღრმა და საინტერესო ხდება. აწმყოში ყოფნით სიამოვნების მიღება შესაძლებელია პატარა, თითქოს უმნიშვნელო დეტალებით, რომლებიც აქამდე შეუმჩნეველი რჩებოდა.