5 წუთიანი საკითხავი
ხანგრძლივი და ჯანსაღი ურთიერთობები შემთხვევით არ ყალიბდება – მათ უკან, როგორც წესი, ჩვევების, გადაწყვეტილებების და საკუთარ თავზე მუშაობის შეუმჩენეველი, მაგრამ ძლიერი და ეფექტური კომბინაციები დგას.
მიუხედავად საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპისა, რომ ურთიერთობები დროთა განმავლობაში დასრულებისთვისაა განწირული, თანამედროვე კვლევები სხვაგვარ სურათს გვიჩვენებენ: მეცნიერები მეტ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რა განასხვავებს წყვილებს, რომლებიც წლებია ბედნიერად თანაცხოვრობენ მათგან, ვის ურთიერთობაშიც ბზარი მალე ჩნდება.
მეცნიერები თანხმდებიან, რომ ურთიერთობის ხარისხს ყოველდღიური ჩვევები განაპირობებენ. ოჯახური კომუნიკაციის (Family Communication) ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა, რომელშიც 40 დაქორწინებული წყვილი მონაწილეობდა, ცხადჰყოფს, რომ ურთიერთობის შენარჩუნებაში დიდ როლს ისეთი ყოველდღიური ქცევები თამაშობენ, როგორებიცაა: მხარდაჭერის გამოხატვა, კომუნიკაციისათვის ღიაობა, პასუხისმგებლობების გაზიარება და სხვა.
ამ ბლოგში განვიხილავთ, რას აკეთებენ ის წყვილები, რომლებიც ემოციურ სტაბილურობას და ურთიერთკმაყოფილებას ინარჩუნებენ.
1. სითბოს ყოველდღიური გამოხატვა – რუტინა ხანგრძლივ ურთიერთობებში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბუნებრივ საფრთხედაა აღიარებული. თანაცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ყოველდღიურობა ნელ-ნელა „ავტომატურ რეჟიმში“ გადადის და ემოციებით ძველებურად ვეღარ იკვებება. სწორედ ამ ეტაპზე, სითბოს მიზანმიმართული გამოხატვა და პატარა, სპონტანური სიურპრიზების მოწყობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება – მოულოდნელი თბილი შეტყობინება, საყვარელი ყავის მიტანა, საერთო სასიამოვნო მოგონების გახსენება და სხვა ურთიერთობის გამრავალფეროვნებისთვის ზოგჯერ საკმარისიცაა. ასეთი მცირე ქმედებები ურთიერთობას აცოცხლებს და პარტნიორებს პირვანდელი „ქიმიის“ შენარჩუნებაში ეხმარება, რაც არა მხოლოდ სპონტანურ ემოციებზე, არამედ მუდმივ ზრუნვაზე დგას.
2. კონფლიქტის მართვა – ურთიერთობების დინამიკის გარკვევაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აღმოჩენა ჯონ გოტმანისა და რობერტ ლევენსონის მიერ 1999 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში უნდა ვეძიოთ, რომელიც წყვილებში განქორწინების პროგნოზს ეხებოდა. მათ აღმოაჩინეს, რომ გრძელვადიანი ურთიერთობების სტაბილურობას მხოლოდ ის კი არ განსაზღვრავს თუ როგორ და რამდენად ხშირად კამათობენ წყვილები, არამედ ისიც, თუ როგორ ცდილობდნენ კამათის შემდეგ ურთიერთობის გაგრძელებას და ემოციური კავშირის გაძლიერებას. აღმოჩნდა, რომ წყვილები, რომლებიც დაძაბულობის შემდეგ სითბოში დაბრუნებას მარტივად ახერხებდნენ, მომდევნო წლებში გაცილებით დიდი ალბათობით რჩებოდნენ ერთად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჯანსაღ ურთიერთობებს კონფლიქტის არარსებობა კი არა, კამათის შემდეგ ემოციურად ხელახლა დაკავშირების უნარი განსაზღვრავს.
3. საზიარო ცხოვრებისეული მიზნები – გრძელვადიან ურთიერთობებში საერთო მიზნებს და ცხოვრებისეულ ღირებულებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ეს იდენტური კარიერული გეგმების არსებობას არ გულისხმობს, მაგრამ აუცილებელია, წყვილს ჰქონდეს კოორდინირებული და შეთანხმებული ხედვა მათი მომავლის შესახებ. 2023 წელს სოციალური და პერსონალური ურთიერთობების ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ საერთო მიზნების დასახვა პარტნიორებს შორის კავშირის სტაბილურობას და ემოციურ კმაყოფილებას ზრდის. როცა პარტნიორები თავიანთ წყვილს ერთ „გუნდად“ აღიქვამენ, მათ შორის თანადგომის განცდა ძლიერდება, ურთიერთობა კი უფრო ჰარმონიული ხდება.
4. ხარისხიანი დრო – დროის ერთად გატარება თავისთავად საკმარისი არ არის – მნიშვნელოვანია მისი ხარისხი. წყვილები ხშირად ფიქრობენ, რომ თუ ერთად ცხოვრობენ ან ყოველდღიურ საქმეებს ერთად ასრულებენ, მათი ურთირთობისთვის ეს უკვე საკმარისია. თუმცა, ფიზიკური თანაარსებობა და ემოციური კავშირი ერთმანეთისგან განსხვავდება. ხარისხიანი დრო ყურადღების ერთმანეთისკენ განზრახ მიმართვას ნიშნავს. წყვილები, რომლებიც მიზანმიმართულად გეგმავენ ერთობლივ აქტივობებს (ყოველკვირეული პაემანი, სეირნობა, საუბარი ტელეფონის გარეშე…) გაცილებით მაღალ ემოციურ კავშირს ინარჩუნებენ. ასეთი კონტაქტი ქმნის ემოციური უსაფრთხოების განცდას, ზრდის სიახლოვეს და ამცირებს გაუცხოების რისკს.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჯანსაღი ურთიერთობები მხოლოდ ძლიერი ემოციით ან „სწორი ადამიანის“ პოვნით არ იქმნება. ის ყოველდღიური ჩვევებით და ურთიერთობაზე შეგნებული მუშაობით ყალიბდება. აღმოჩნდა, რომ სიყვარული მხოლოდ ძლიერი გრძნობა და ემოცია არ არის – ეს არის ქცევა, რომელიც გამყარებას ყოველდღიურად საჭიროებს. სწორედ ამაშია პასუხი მთავარ კითხვაზე, თუ რა განაპირობებს ხანგრძლივ ურთიერთობებს: არა იდეალურობა, არამედ მუდმივი ზრუნვა, ყურადღება და კონფლიქტის შემდეგაც კი, ერთმანეთთან დაბრუნება და სითბოს გამოხატვა.