კარგა ხანია გვაფრთხილებენ, რომ ბუნების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ შეიძლება კაცობრიობა სავალალო შედეგებამდე მიიყვანოს. უკანასკნელ წლებში საშიშროება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა – გახშირდა მასშტაბური ხანძრები დედამიწისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ტყეებში (სამაგალითოდ ამაზონისა და ავსტრალიის ტყეების გახსენებაც საკმარისია), მოიმატა წყლის დონემ, საგრძნობლად შეიცვალა კლიმატი… სამწუხაროდ, ადამიანები, ხშირად – გაუცნობიერებლად, დიდ ზიანს აყენებენ გარემოს.
შემოგთავაზებთ რამდენიმე მცირე ცვლილების იდეას, რომელთა ყოველდღიურობაში დანერგვით უმნიშვნელოვანეს გავლენას მოახდენთ პლანეტის კეთილდღეობაზე. შეიძლება იფიქროთ, რომ ერთი ადამიანის ქმედებები დიდ ცვლილებას ვერ მოახდენს. ეს მცდარი მოსაზრებაა. თუ ყველა ასე იფიქრებს, მაშინ მართლაც არაფერ შეიცვლება.
ცვლილება ყოველთვის საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ. მაგალითად, თუ სხვა ადამიანი ქუჩაში ნაგავს ყრის, თქვენ კი – არა, ამით ხომ მცირდება დანაგვიანება? თანაც, სხვაც შეამჩნევს თქვენს საქციელს და მომავალში გაითვილსიწინებს. ხომ გსურთ, რომ თქვენ და მომავალი თაობები ჯანსაღ, სუფთა, გამწვანებულ გარემოში ცხოვრობდეთ?
გადავიდეთ ცვლილებების იდეებზე:
შეამცირეთ ხორცის მიღება. ხორცის მასობრივი წარმოების ინდუსტრია აბინძურებს ჰაერს, ანადგურებს ტყეებს და პირდაპირ გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე. წარმოიდგინეთ, წელიწადში მილიარდობით ცხოველი რომ გამოკვებოს, ნადგურდება უზარმაზარი ტყის მასივები და მათ სოიოს პლანტაციები ანაცვლებს.
ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ ადამიანმა ბურგერი, სოსისი თუ ძეხვი მიირთვას! ეცადეთ შეამციროთ ხორცის მიღება, სულ მცირე – მასობრივი წარმოების ხორცის მაინც.